“მას ეს არ შეუმჩნევია” – “სან ანტონიოს” ფანის ფოტო ზაზა ფაჩულიასთან
რამდენიმე დღის წინ, “გოლდენ სტეიტის” კალათბურთელი, ზაზა ფაჩულია “სან ხოსეს” სტადიონს ესტუმრა, სადაც “ლოს ანჯელეს გალაქსისთან” გამართულ მატჩს დაესწრო. ქართველმა ცენტრმა “სან ხოსეს” ახალწვეული, ვაკო ყაზაიშვილიც გაიცნო და მასთან მაისური გაცვალა.
რა თქმა უნდა, სტადიონზე ფაჩულიას გამოჩენას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. გულშემატკივრებმა მასთან სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს. თუმცა, ერთ-ერთი, ვინც ზაზასთან ერთად ფოტო გადაიღო, საკალათბურთო კლუბ “სან ანტონიოს” ფანი აღმოჩნდა, რომელიც შუა თითს აჩვენებს.
როგორც იცით, “გოლდენ სტეიტმა” NBA-ს ფლეი-ოფში სწორედ “სან ანტონიო” დაამარცხა, გუნდის ლიდერმა, კავაი ლეონარდმა კი ტრავმა ფაჩულიასთან ორთაბრძოლის დროს მიიღო. ლეონარდმა მომდევნო შეხვედრებში მონაწილეობის მიღება ვერ შეძლო, ზაზას მიმართ უკმაყოფილებას “სან ანტონიოს” ფანები და მწვრთნელი არ მალავდნენ.
“ფაჩულიას ეს არ შეუმჩნევია. რომ შეემჩნია, დარწმუნებული ვარ, ძალიან გაბრაზდებოდა. ბევრმა ამ ფოტოზე იხალისა. ერთადერთი, ვისაც ეს არ მოეწონა, ჩემი დაა, რომელიც “გოლდენ სტეიტის” ფანია”, – უთხრა არტურ სერვანტესმა mySA.com-ს.