მეხუთე ტური დაძაბული მატჩით დასრულდა
სუპერლიგის მე-5 ტურის უკანასკნელ შეხვედრაში ერთმანეთის წინააღმდეგ “შსს-აკადემია” და “ოლიმპი” წარსდგნენ. გამოცდილი და ახალგაზრდული გუნდის დაპირისპირება საკმაოდ საინტერესო სანახავი გამოდგა.
“ოლიმპმა” პირველივე წუთებიდან მოიპოვა უპირატესობა და საკმაოდ ძლიერ მეტოქეს ტოლსწორად ფაქტობრივად მთელი მატჩის განმავლობაში ეთამაშებოდა. პირველი ნახევარი სულაც კაზანჯიანის შეგირდების გამარჯვებით, 37:30 დასრულდა.
დიდი შესვენების შემდეგ “აკადემია” გააქტიურდა და ანგარიშიც გაათანაბრა, ხოლო გადამწყვეტ უპირატესობას მასპინძლები დასკვნით მეოთხედში დაეუფლნენ და საბოლოოდ მატჩი ათქულიანი უპირატესობით მოიგეს.
მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გიორგი შარაბიძე გახდა, რომელმაც საკუთარ გუნდს 21 ქულა შესძინა. აღსანიშნავია, რომ “შსს”-ს ცენტრს ორმაგ დუბლამდე მხოლოდ ერთი მოხსნა დააკლდა. “ოლიმპის” შემადგენლობაში კი ქულები თითქმის ყველა მოთამაშეზე გადანაწილდა. შედეგიანი ტყორცნის შესრულება მხოლოდ ნიკოლოზ ლომიძემ ვერ შეძლო.