მეოთხედფინალის რეპეტიცია – დინამო – ოლიმპი
რეგულარული ჩემპიონატის ბოლოსწინა ტური დასრულდა. ბოლო შეხვედრაში გათამაშების ლიდერმა “დინამომ” ბოლოსწინა ადგილზე მყოფი “ოლიმპი” დაამარცხა. საბოლოო შედეგის გამოცნობა ძნელი არ იყო – დინამოელებს რეგულარულ ჩემპიონატში პირველი ადგილის დასაკავებლად დარჩენილი 2 შეხვედრის მოგება სჭირდებათ და ერთ-ერთ აუტსაიდერს რომ დაამარცხებდნენ, მოსალოდნელი იყო და ასეც მოხდა.
ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა დინამოელებმა დასაწყისში მეტოქე დიდად არ შეავიწროვეს და შესაბამისად, ლაღი თამაში მიდიოდა. ოლიმპელები თავდაპირველად დაწინაურდნენ, თუმცა მეოთხედის ბოლომდე ლიდერობის შენარჩუნება ვერ მოახერხეს. პერიოდი “დინამომ” 24:20 მოიგო, რის შემდეგაც ლიდერობას ნელ-ნელა, მეთოდურად ზრდიდა და გამარჯვებამდე ისე მივიდა, ვითარება არ დაძაბულა.
გამარჯვებულებს 21 ქულით ბესო ლეჟავამ ულიდერა, ქიენ კარტერმა კი ორმაგი დუბლი – 18 ქულა და 11 მოხსნა დააგროვა. ორმაგი დუბლი ჰქონდა სტევან მილოშევიჩსაც – 12 ქულა და ამდენივე მოხსნა, სერბმა მილოშ პეშიჩმა კი შეხვედრა 12 ქულით დაასრულა. ოლიმპელთაგან 13 ქულით და 9 მოხსნით საუკეთესო იყო ნოდარ თენიეშვილი, რიჩარდ მათიაშვილმა კი შეხვედრა 11 ქულით დაასრულა.
ამ მატჩის დასრულების შემდეგ ოფიციალურად გაირკვა, რომ ეს გუნდები ერთმანეთს პლეი ოფის პირველ, მეოთხედფინალურ რაუნდში შეხვდებიან.
სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატის ბოლო ტური 11 და 12 აპრილს ბათუმსა და თბილისში გაიმართება.
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია
მამუკა ტურაშვილი(,,დინამოს’’ მწვრთნელი): კარგი თამაში გამოვიდა. პირველ ტაიმში პრობლემები გვქონდა, დაცვაში კონცენტრაცია გვაკლდა, თუმცა მეორე ნახევარში გამოვასწორეთ. ,,ოლიმპმა’’, რომელიც 20-წლამდელთა ჩემპიონატის ნახევარფინალს თამაშობს, ახალაგზრდა მოთამაშეები დაზოგა. ვიცოდით, რომ პლეი ოფშიც ,,ოლიმპი’’ იქნებოდა ჩვენი მეტოქე და ვემზადებოდით ამ თამაშისთვის. პირველი ადგილი განაღდებული გვაქვს, ,,ქუთაისთან’’ დაგვრჩა ერთი შეხვედრა და შევეცდებით, წარმატებულად ვიასპარეზოთ. მინდა აღვნიშნო, რომ ორკვირიანი შესვენებები გუნდზე ძალიან ცუდად მოქმედებს, სასურველია, მეტ შეხვედრას ვატარებდეთ.
დავით თორთლაძე(,,ოლიმპის’’ მთავარი მწვრთნელი): ვეთანხმები მამუკას, რომ ძალიან ცოტა თამაშის ჩატარება გვიწევს. რაც შეეხება დღევანდელ მატჩს, ,,დინამო’’ ფავორიტია და საჩემპიონო ამბიცია აქვს, წინასამატჩო პრესკონფერენციაზეც აღვიშნე, რომ ჩემი გუნდისთვის იქნებოდა კარგი გამოცდილება ასეთი ძლიერი კალათბურთელების წინააღმდეგ თამაში. ,,დინამო’’ პლეი ოფშიც ჩვენი მეტოქე იქნება და მაქსიმალურად შევეცდებით, ღირსეული წინააღმდეგობა გავუწიოთ.
ქიენ კარტერი(,,დინამო’’): 2 კვირიანი შესვენების შემდეგ მოშვებულებმა დავიწყეთ თამაში და პირველ ტაიმში ბევრი შეცდომა დავუშვით, თუმცა მეორე ნახევარში მობილიზებულები გამოვედით, უკეთ ვითამაშეთ, სროლებიც წაგვივიდა და გამარჯვება მოვახერხეთ.
superleague.ge