მგზავრები-არმიამ სუპერლიგაში ადგილი შეინარჩუნა
„მგზავრები-არმიამ“ საკვალიფიკაციო სერიის მეორე მატჩიც მოუგო „ოლიმპს“ და სუპერლიგაში მომავალ სეზონში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. სერიის მეორე მატჩში ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა დაძაბულ ბრძოლაში – 74:70 სძლია ოლიმპელებს და სუპერლიგაში დარჩენა გაინაღდა.
„მგზავრები-არმია“ მე-5 ადგილისთვის მატჩში ითამაშებს, რომლის მეტოქეც „ქუთაისისა“ და „სოხუმის“ დაპირისირებაში გამოვლინდება. რაც შეეხება „ოლიმპს“, გია კაზანჯიანის გუნდი სუპერლიგის მე-7 ადგილისთვის სერიაში ითამაშებს და მისი მეტოქე „ქუთაის“-„სოხუმს“ შორის დამარცხებული გუნდი იქნება. თუმცა აქედანვე ცნობილია, რომ „ოლიმპს“ სუპერლიგაში შესანარჩუნებელ საკვალიფიკაციო სერიაში მოუწევს ასპარეზობა, რადგან სუპერლიგას ან 7, ანაც მე-8 ადგილზე დაასრულებს.
მატჩისშემდგომი კომენტარები
ბუბა ბერიშვილი („მგზავრები-არმიას“ მთავარი მწვრთნელი): პირველ რიგში მადლობა ბიჭებს ბრძოლისთვის, თავდადებისთვის და მივულოცავ ამ გამარჯვებას. ვიცოდით, რომ იოლი შეხვედრა არ გვექნებოდა და დაძაბული თამაში შედგებოდა. გვქონდა გარკვეული შეცდომები, თუმცა ტაიმებს შორის ხარვეზების გამოსწორებაზე ვიმუშავეთ და შედეგიც მივიღეთ.
გია კაზანჯიანი („ოლიმპის“ მთავარი მწვრთნელი): დაცვაში ვერაფერი შევძელით, გუნდში ტრავმიანობაც გვქონდა. არ გვყავდა ნოსკოვი და დუიკოვიჩიც 1 კვირაა ტრავმიანი თამაშობს. თუმცა, რა თქმა უნდა, არ დავუკარგავ „მგზავრები-არმიას“ კარგ თამაშს. მეტოქემ ყველაფერი გააკეთა მოგებისთვის და დამსახურებულადაც გაიმარჯვა.