“მგზავრებმა” “რუსთავი” დაამარცხა და სუპერლიგის ბრინჯაოს მედლებს დაეპატრონა
საკალათბურთო კლუბი “მგზავრები” სუპერლიგის ბრინჯაოს მედლების მფლობელია. ბუბა ბერიშვილისა და ნიკა ცინცაძის გაწვრთნილმა გუნდმა მესამე ადგილისთვის მატჩში “რუსთავი” დაძაბულ ბრძოლაში – 79:76 დაამარცხა და არსებობის ისტორიაში საპრიზო ადგილი პირველად დაიკავა. “მგზავრებს” დიდი ისტორია არც აქვს – კლუბი თავდაპირველად “არმია-მგზავრების” სახელით გამოდიოდა, თუმცა ბოლო 3 სეზონია, გამოეყო თავდაცვის სამინისტროს და სუპერლიგაში თავისი, დამოუკიდებელი ისტორია წამოიწყო, რომელიც დღეს პირველი მედლით გაამდიდრა.
თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართული მატჩი ძალიან საინტერესო და დაძაბული გამოდგა. ზოგადად, ნახევარფინალში წაგებული გუნდები ნაკლები სერიოზულობით ეკიდებიან მესამე ადგილისთვის მატჩს, თუმცა ბოლო წლებში ასეთი მიდგომა შეიცვალა და გუნდები დიდი მობილიზებით ხვდებიან ბრინჯაოს მედლებისთვის მატჩს. ამის ნათელი მაგალითი დღევანდელი შეხვედრა იყო: ორივე გუნდი მაქსიმალურად მოტივირებული გახლდათ და ბრძოლაც ბოლო წამებამდე გაგრძელდა.
შეხვედრის უდიდესი ნაწილი რუსთაველები ლიდერობდნენ. პირველი პერიოდის 20:17 მოგების შემდეგ, ქვემოქართლელებმა დიდი შესვენებისთვის ლიდერობა 7 ქულამდე გაზარდეს – 47:40. “მგზავრების” მოთამაშეები სწრაფი შეტევებით ცდილობდნენ და ერთ ეპიზოდში მინიმუმამდეც შეამცირეს ჩამორჩენა, თუმცა მესამე პერიოდის ბოლოს ქვემოქართლელებმა ლიდერობა კვლავ 4 ქულამდე გაზარდეს.
ბოლო პერიოდში ქულა-ქულაში თამაში წავიდა, თუმცა რუსთავი ადამ ბლეიზეკის დირიჟორობით ლიდერობას არ თმობდა. ნავსი ბოლოსწინა წუთზე გატყდა, როცა “მგზავრების” მოთამაშეებმა სწრაფ შეტევებს ზუსტი შორი სროლები შეუთავსეს. ბოლო წუთზე ბერიშვილის გუნდმა 4-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა, რომელიც ტაირელ ნელსონმა ერთ შეტევაში მოპოვებული 3 ქულით მინიმუმამდე შეამცირა, თუმცა ოთარ ფხაკაძემ 1 საჯარიმო ჩააგდო და “მგზავრები” შეხვედრის დასრულებამდე 15 წამით ადრე 2 ქულით გალიდერდნენ. გადამწყვეტი შეტევა რუსთაველებმა გააცუდეს – სამქულიანი ვერც ბლეიზეკმა ჩააგდო და ვერც ბრაიან ბერნარდიმ და ფარიდან მოხსნილი ბურთის შემდეგ “მგზავრებმა” გამარჯვება და ბრინჯაოს მედლები გაინაღდეს.
გამარჯვებულებს 19 ქულით ირაკლი ალხანაიძემ ულიდერა. 18 ქულა დააგროვა ადრიან ბოუიმ. ტეილორ სტეფორდის ანგარიშზე 14 ქულა დაგროვდა. რუსთაველთაგან 25 ქულა – 9 მოხსნით საუკეთესო იყო ტაირელ ნელსონი. ადამ ბლეიზეკმა 13 ქულა, 10 მოხსნა და 7 პასი მიითვალა. რეზო ჩაჩანიძემ შეხვედრა 10 ქულით დაასრულა.