მიხეილ ჭოჭუა: “უმაყურებლოდ მოგებას, სავსე დარბაზში წაგება მირჩენია”
მიხეილ ჭოჭუა წლების მანძილზე სუპერლიგის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშეა. მიმდინარე სეზონს კალათბურთელი თბილისის “დინამოში” ატარებს და მიზნად ჩემპიონატის მოგებას ისახავს. ჭოჭუას დინამო-ქუთაისის შეხვედრის შემდეგ გავესაუბრეთ და ჩვენ ინტერვიუც მატჩის შეფასებით დავიწყეთ.
– ათბალიანი შკალით თუ შევაფასებთ, რეგულარული ჩემპიონატის ბოლო მატჩს 6 ქულას დავუწერდი. მოდუნებულები ვიყავით, მოწინააღმდეგეს ჩვენი ტემპი ვერ ვუკარნახეთ და ფაქტი სახეზეა, დავმარცხდით. გადამწყვეტი მესამე მეპრიოდში ჩავარნდა იყო.
– მიმდინარე სუპერლიგაში “დინამოს” შანსებზე რას იტყოდი?
– შანსებზე სხვა გუნდებმა უნდა იფიქრონ, ჩვენ ფავორიტები ვართ და ჩემპიონები აუცილებლად უდნა გავხდეთ. შევეცდებით, რომ სეზონის ბოლომდე წაუგებლად ვითამაშოთ. ბიჭების სახელითაც ვიტყვი და გულშემატკივარს ბოლომდე ბრძოლას ვპირდები.
– კარიერის დიდი ნაწილი რუსთავში გაქ გატარებული. როგორ გაიხსენებდი დინამოში მისვლამდე პერიოდს?
– კალათბურთის თამაში რუსთავში დავიწყე. 15 წლის ასაკში ოთარ ხმელიძემ მთავარ გუნდში ამიყვანა. წლების მანძილზე ვიცავდი ამ კლუბის ღირსებას. თუმცა, რუსთავში არსებული ფინანსური პრობლემების გამო იძულებული გავხდი, რომ კლუბი შემეცვალა და თსსუ-ში გადავედი, რომლის ღირსებას ორი წელი ვიცავდი. შემდეგ კი, ისევ დავუბრუნდი რუსთავს. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ კარგი გუნდი გვყავდა შარშანდელი სეზონი მაინც წარუმატებელი იყო. ტრავმის გამო გადამწყვეტ მომენტში გუნდს ვერ დავეხმარე.
– სუპერლიგის დონეზე რას იტყოდი? თუნდაც იმ პერიოდთან შედარებით, როდესაც თამაშს იწყებდი.
– პროგრესი ძალიან დიდია. პირველ რიგში გამოსწორდა დაცვის თამაში. მომრავლდნენ ლეგიონერები. ვცდილობთ, რომ მსოფლიოს და ევროპას ავყვეთ. მოთამაშეები საკუთარ თავზე მუშაობას მეტ დროს ანდომებენ და ეს ყველაფერი საერთო ჯამში დონეზეც დადებითად აისახება.
– გამოსასწორებელი რა არის?
– მთავარი პირობებია. თუმცა, იმასთან რაც ადრე იყო, შედარებაც არ შეიძება.
– ბოლო დროს საკმაოდ ბევრი გულშემატკივარი დადის თქვენს თამაშებზე. რამდენად მნიშვნელოვანია ფანების ფაქტორი?
– ძალიან მნიშნველოვანია. მეტსაც ვიტყვი, ფანების გარეშე სპორტს აზრი არ აქვს. მაყურებლოდ მოგებას, სავსე დარბაზში წაგება მირჩენია. პირველ რიგში გულშემატკივრისთვის ვთამაშობთ.
– ბოლო პერიოდში საკალთბურთო მატჩებზე ფანები პიროტექნიკას ხშირად იყენებენ. ამ ფაქტზე რას იტყოდით?
– ჩემი აზრით მისასალმებელია. მეტი თავდადებაა გულშემატკივრის მხრიდან და ჩვენც სტიმული გვეძლევა.
– ეროვნულ გუნდზეც გკითხავ. როგორ შეაფასებდი ჩვენი ნაკრების შესარჩევ ჯგუფს და შანსებს?
– ძალიან მოსახერხებელი ჯგუფია. მგონი, უკეთესს ვერ ვინატრებდით. წესით ლიდერები ვართ და შანსებიც დიდია.
– შენი სამომავლო გეგმები?
– დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი რომელიმე უცხოურ ლიგაში, თუმცა ამ ეტაპზე ჩემი მთავარი მიზანი სუპერლიგის მოგებაა.
– და ბოლოს, რას ურჩევდი ახალგაზრდა, დამწყებ კალათბურთელებს?
– ვარჯიში, ვარჯიში და კიდევ ერთხელ ვარჯიში. ამასთან ერთად მთავარია კალათბურთის სიყვარული.
მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები