„მინესოტა“ კევინ ლავის გაცვლას არ აპირებს
„მინესოტა ტიმბერვულვზის“ წამყვანმა მოთამაშემ კევინ ლავმა კლუბის დატოვების სურვილი გამოთქვა და გასულ კვირას ბოსტონი მოინახულა, სადაც, შესაძლოა, კარიერაც კი გააგრძელოს. ამავე დროს „მგლების“ პრეზიდენტის ფლიპ სონდერსის თქმით, კლუბი მიმდინარე წლის ზაფხულს ფორვარდის გაცვლას არ გეგმავს და ეს მიუხედავად იმისა, რომ, დარჩენის შემთხვევაში, 25 წლის მოთამაშე შემდეგ წელს სხვა კლუბში უფასოდ გადაბარგდება.
„ლავს „მინესოტასთან“ მოქმედი კონტრაქტი აკავშირებს. მსურს, რომ მან ჩვენი გუნდის მაისურით შემდეგ სეზონშიც ითამაშოს. არ აქვს მნიშვნელობა იმ ადგილებს, რომელთაც მოთამაშეები ზაფხულის არდადეგების დროს მოინახულებენ. ამ დროს მათ ყველაფრის გაკეთება შეუძლიათ, რის გაკეთებასაც მოისურვებენ.
სხვა გუნდთა მხრიდან ინტერესის შესახებ ვიცი. სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში ისინი ვერაფერს გადაწყვეტენ. კევინი აქ დარჩება“, – განუცხადა სონდერსმა ESPN.com-ს.
ალექსანდრე მატევოსოვი