მწვრთნელთა ლიცენზირების პროგრამის მეორე ეტაპის სემინარები თბილისში დასრულდა (ვიდეო)
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციისა და მწვრთნელთა კავშირის მიერ ორგანიზებული მწვრთნელთა გადამზადებისა და ლიცენზირების პროგრამის მეორე ეტაპის სემინარები დასრულდა. სემინარები 31 მაისს ბათუმიდან დაიწყო, ქუთაისში გაგრძელდა და 4 ივნისს, თბილისში დასრულდა.
შესაბამის ქალაქებში მიმდებარე რეგიონის მწვრთნელებმა მოიყარეს თავი. სემინარებს მთლიანობაში დაახლოებით 100 მწვრთნელი დაესწრო, თუმცა მათი რაოდენობა ქვეყნის მასშტაბით გაცილებით დიდია. მწვრთნელთა გადამზადებისა და ლიცენზირების პროგრამა მონაწილეებს საშუალებას აძლევს, გამოცდებზე სემინარებზე დასწრების გარეშე გავიდნენ და მათი წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში შესაბამისი ლიცენზია მიიღონ.
სემინარები საიმისოდ ტარდება, რომ ლიცენზირების და გადამზადების პროგრამის მონაწილეებმა ნათლად დაინახონ ის კომბინაციები, ტაქტიკური მონახაზები თუ ელემენტარული საკალათბურთო კომპონენტები, რომელთა შესახებაც მოუწევთ ტესტირებისა და პრაქტიკული გამოცდების ჩაბარება. ამჯერად სემინარებს საქართველოს კალათბურთის ფედერაციის მიერ მოწვეული ბალკანელი სპეციალისტები – ხორვატი ტიჰომირ ბუიანი და სერბი მილოშ გლიგორიევიჩი უძღვებოდნენ. მათ დამსწრეებს დეტალურად უჩვენეს ის მეთოდოლოგია, რომლითაც თანამედროვე კალათბურთში მწვრთნელებს მოზარდებთან მუშაობა მართებთ.
ბალკანელ მწვრთნელებს ასისტენტობას საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების ერთ-ერთი მწვრთნელი, სუპერლიგის ახალ წევრ „კაკტუსის“ თავკაცი არჩილ ჟღენტი უწევდა. ბალკანელმა და ქართველმა მწვრთნელებმა ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში მთლიანობაში 18-საათიანი (6 საათი თითო ქალაქში) ლექცია-სემინარები ჩაატარეს – დამსწრეებს უჩვენეს თუ რა კომპონენტებზე და როგორ მართებთ სწორი მუშაობა. მაგალითისთვის აღნიშნავთ ბლოკის დაყენებას, დაცვაში ერთი ერთზე და ზონურ თამაშს. შეტევაში სიტუაციის გაანალიზებას და სწორი გაგრძელების შერჩევას. ეს გახლავთ ძალიან მცირე ჩამონათვალი იმისა, რის შესახებაც ისაუბრეს და დამსწრეთ პრაქტიკულად აჩვენეს თავიანთ ლექციებში ბალკანელმა მწვრთნელებმა.
მწვრთნელთა გადამზადებისა და ლიცენზირების პროგრამის მეორე ეტაპი გულისხმობს პერიოდს 14-დან 18 წლამდე. აღნიშნული პროგრამის წარმატებით გავლის შემთხვევაში მწვრთნელები მიიღებენ აღნიშნულ ასაკებში მუშაობისა და კალათბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ ტურნირებში გუნდების გამოყვანის საშუალებას. პერიოდულად იწარმოებს პროგრამის განვლილი ეტაპების გამოცდების ჩაბარება. პროგრამის პირველი ეტაპი მწვრთნელთა ნაწილს არ გაუვლია, ზოგმაც გამოცდა ვერ ჩააბარა. ასეთ მწვრთნელებს პერიოდულად მიეცემათ მორიგი შანსი. მეორე ეტაპის ტესტირება-გამოცდები ივლისის თვეში გაიმართება.
superleague.ge