მწვრთვნელთა გადამზადების და ლიცენზირების პროგრამის პირველი ეტაპი დასრულდა
მწვრთნელთა გადამზადებისა და ლიცენზირების პროგრამის პირველი ეტაპი დასრულდა. კალათბურთის ეროვნული ფედერაციისა და მწვრთნელთა კავშირის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობა 50-ამდე მწვრთნელმა მიიღო, რომლებმაც თეორიული და პრაქტიკული სემინარები გაიარეს.
სემინარები 4 დღე ჩატარდა – 28 მაისს, 30 მაისს, 4 და 6 ივნისს. მწვრთნელებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს ბავშვთა კალათბურთში მუშაობის შესახებ. სემინარები გაიმართა როგორც პედაგოგიური და ფსიქოლოგიური, ისე ფიზმომზადების და მსაჯებთან დამოკიდებულების განხრით. სემინარები ჩაატარეს თავისი სფეროს სპეციალისტებმა – გია მიქაძემ, გელა წულაძემ, დავით უსტიასშვილმა, ირაკლი შიოშვილმა, თემურ ხვედელიძემ და მაკა კუპატაძემ.
მათ, ვინც გაიარა სემინარი, მწვრთნელთა კავშირის ვიცე-პრეზიდენტისგან, ნოდარ ავალიშვილისგან გადაეცათ სერთიფიკატები. სემინარგავლილი მწვრთნელებისთვის 10 დღეში ჩატარდება როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ტესტირებები, რომელთა წარმატებით გავლის შემთხვევაში მათ მიეცემათ მინიკალათბურთში მუშაობისთვის აუცილებელი სერთიფიკატები. ვინც ტესტირებას ვერ გაივლის, მომავალში კიდევ შეეძლებათ გამოცდაზე გასვლა.
საერთოდ, ლიცენზირების პროცესი 30 თვის განმავლობაში გაგრძელდება და მხოლოდ და მხოლოდ მისი დასრულების შემდეგ შეეზღუდებათ ულიცენზიო მწვრთნელებს შესაბამის ასაკობრივ კატეგორიებში მუშაობის უფლება.
პროგრამა სექტემბერში გაგრძელდება და იმ მწვრთნელებს ჩაუტარდებათ სემინარ-ტესტირებები, რომლებმაც პირველ ეტაპში მონაწილეობა ვერ მიიღეს.
gbf.ge