ნაკრების ტრიომ შსს-ს ბათუმთან ულიდერა
საკალათბურთო სუპერლიგის მე-4 ტური გამორჩეულია. ოთხივე მატჩში მეტ-ნაკლებად თანაბარი ძალის გუნდები ხვდებიან და სავარაუდოდ, მაყურებელი საინტერესო ბრძოლებს იხილავენ. პირველმა მატჩმა მოლოდინი ნაწილობრივ გაამართლა. „შსს-აკადემიის“ და „ბათუმის“ მატჩში ბრძოლა არ შედგა. კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა აკადემიელებმა აჭარული გუნდი 15 ქულის სხვაობით – 85:70 დაამარცხა.
„შსს-აკადემია“ დღევანდელ მატჩს მნიშვნელოვანი ცვლილებით შეხვდა. გუნდიდან წავიდა და კარიერას ევროლიგის რუსულ გუნდ „ნიჟნი ნოვგოროდში“ გააგრძელებს ეროვნული ნაკრების წევრი ლევან ფაცაცია. ტუღუშმა ფაცაციას ღირსეული შემცვლელი მოუძებმა – „შსს-აკადემიაში“ ჩაირიცხა და დღეს, ბათუმთანაც ითამაშა საქართველოს ნაკრების ძირითადმა პლეიმეიკერმა გიორგი ცინცაძემ.
შედეგად, „შსს-აკადემიამ“ ეროვნული ნაკრების ტრიო შეინარჩუნა – ცინცაძესთან ერთად ტუღუშის გუნდში თამაშობს ბექა წივწივაძე და გიორგი შარაბიძე. სამივენი დღეს შეუდარებელნი იყვნენ. შარაბიძე სამწამიან ზონაში შეუჩერებელი იყო ბათუმელი მეფარეებისთვის – გიორგიმ 35 წუთში 27 ქულა და 14 მოხსნა დააგროვა.
წინა მატჩის მსგავსად,კვლავ სამმაგი დუბლის ზღვრამდე მივიდა წივწივაძე, რომელმაც 19 ქულა, 10 პასი და 8 მოხსნა მიითვალა. გიორგი ცინცაძემ კი გუნდში დებიუტის კვალობაზე შესანიშნავად ითამაშა – 14 ქულა და 5 პასი მოაგროვა.
აღნიშნული ტრიოს შედეგიანობის ფონზე ბათუმელებისთვის ძნელი იყო წარმატებაზე ფიქრი. „შსს-აკადემიამ“ პირველი მეოთხედი 26:12 რომ მოიგო, შემდეგ მეტოქე ახლოს აღარ მიუშვია. მხოლოდ ბოლო წუთზე მოახერხეს ზღვისპირელებმა ჩამორჩენის 9 ქულამდე შემცირება, თუმცა ბექა ჩიკვილაძის საპასუხო სამქულიანმა ბათუმელთა იმედის ნაპერწკალი ჩააქრო.
დამარცხებულთაგან ტრადიციულად ლეგიონერები გამოირჩნენ. ნიკ კელოგმა 20 ქულა მოაგროვა, ხოლო ცენტრმა კრის ფელჩერმა პირად ანგარიშზე 17 ქულა და 8 მოხსნა ჩაიწერა.
superleague.ge