ნიკა კვეკვესკირი: “წაგებაში ერთ-ერთი მთავარი დამნაშავე მე ვარ”
საქართველოს ეროვნული ნაკრების 25 წლის ნახევარმცველმა, ნიკა კვეკვესკირმა უელსთან განცდილი დასანანი მარცხის შემდეგ პრესასთან საკმაოდ ვრცლად ისაუბრა.
“ბევრი რამ დაგვაკლდა. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ მე და კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი სათამაშოდ ბოლომდე მზად არ ვიყავით.
პირადად მე ტრავმა მაწუხებდა და ასეთ მდგომარეობაში, როდესაც არც ფსიქოლოგიურად და არც ფიზიკურად არ ხარ 100 პროცენტით მზად, ამ დონის თამაშებში არ უნდა ითამაშო. ვთვლი, რომ ერთ-ერთი მთავარი დამნაშავე მე ვარ. წავაგეთ და ვერც ხარისხი ვაჩვენეთ.
არ ვთვლი, რომ უელსის ნაკრებმა დიდად დაგვჩაგვრა, უბრალოდ გამოცდილებისა და კლასის ხარჯზე შეძლეს გამარჯვების მოპოვება, რასაც ფიზიკური და მორალური მზადყოფნაც ემატებოდა.
პროფესიონალები ვართ და ეს შედეგი მალევე უნდა დავივიწყოთ. წინ სერბეთთან გასამართი მატჩი გვაქვს. ალბათ, ამ მატჩში ბევრ ახალ სახეს ვიხილავთ გუნდის შემადგენლობაში.
რაც შეეხება ერთა ლიგას, ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი შანსია ჩვენი ნაკრებისთვის, მაგრამ ამგვარად ფიქრობენ დანარჩენი ქვეყნების გუნდებშიც. იმედი გვაქვს, რომ ამ შანსის გამოყენებას შევძლებთ,”- აცხადებს ნიკა კვეკვესკირი.