“მინი მაიკ ტაისონს ციხიდან უშვებენ” – რა ინფორმაცია ვრცელდება ხურციძის შესახებ?

როგორც პორტალი Gangsterismout წერს, 43 წლის ქართველ მოკრივე ავთანდილ ხურციძეს ციხიდან ვადაზე ადრე ათავისუფლებენ და უახლოეს მომავალში, თავისუფალი იქნება.

ხურციძეს 2017 წელს 10 წელი მიუსაჯეს კანონიერი ქურდის, რაჟდენ შულაიას “ფიზიკური მხარდაჭერის” გამო. 2021 წლის სექტემბერში მოკრივემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, რომ საპატიმრო დატოვა, თუმცა ბოლო ინფორმაციით, პროკურორის დამატებითი მოთხოვნების გამო, ეს არ მოხერხდა.

ავთანდილს ბოლო ბრძოლა სანდერსის წინააღმდეგ ჰქონდა ჩანიშნული.

არველაძე მთავარ ვარსკვლავს კარგავს – “ვესტ ჰემი” 18 მილიონ ფუნტს იხდის

შოთა არველაძემ “ჰალ სიტი” ჩემპიონშიპში დატოვა და ახლა ხელმძღვანელობისგან გუნდის ისეთ გაძლიერებას ითხოვს, რომ ახალ სეზონში მაღალი მიზნებისთვის იბრძოლოს.

თუმცა როგორც ჩანს, ზაფხულიდან “ჰალი” მთავარი ვარსკვლავის, კინ ლუიზ-პოტერის გარეშე დარჩება, რომლის სანაცვლოდ “ვესტ ჰემი” 18 მილიონ ფუნტს იხდის.

აჯუნ ილიჯალის მისვლის შემდეგ იანვარში “სიტიმ” უარი 10 მილიონ შემოთავაზებაზე თქვა, მაგრამ 18 მილიონი “ჰალის” სრულ შემადგენლობაზე უფრო მეტია და ფეხბურთელის სურვილიც არის, პრემიერ ლიგაში მოსინჯოს ძალები.

პოტერი 2 თვის წინ ინგლისის 21-წლამდე ნაკრებშიც გამოიძახეს.

პარიზელები მესის იტოვებენ, ნეიმარს უშვებენ

ბრიტანული “სქაი სპორტსის” თანახმად, “პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელი ლიონელ მესი პარიზში მინიმუმ კიდევ ერთ სეზონს გაატარებს.

წყაროს ცნობით, პარიზელები გუნდის მშენებლობას სწორედ არგენტინელი ფეხბურთელის გარშემო აპირებენ.

რაც შეეხება ნეიმარს, მას, სავარაუდოდ, გუნდის დატოვება მოუწევს. პარიზელები მზად არიან, ბრაზილიელ შემტევს შეელიონ. ვარაუდობენ, რომ ზაფხულში “პარი სენ-ჟერმენში” ახალი მწვრთნელი მივა, რომელიც გუნდში მასშტაბურ გარდაქმნას დაიწყებს.

შეგახსენებთ, რომ მესი “პარი სენ-ჟერმენში” პირველ სეზონს ატარებს, ნეიმარი კი პარიზული კლუბის ღირსებას 2017 წლიდან იცავს.

“იუვენტუსს” “ატლეტიკის” ლიდერის დამატება სურს

ტურინის “იუვენტუსი” ბილბაოს “ატლეტიკის” ნახევარმცველ იკერ მუნიაინით დაინტერესდა.

ჟურნალისტი ნიკოლო სკირა იუწყება, რომ კლუბების წარმომადგენლები შესაძლო ტრანსფერის დეტალებს უახლოეს მომავალში განიხილავენ.

სპეციალიზებული ინტერნეტპორტალი “ტრანსფერმარკტი” 29 წლის ბასკი გარემარბის სატრანსფერო ღირებულებას 15 მილიონ ევროდ აფასებს. მხარეებს შორის გაფორმებულ კონტრაქტს ვადა 2024 წლის ზაფხულამდე აქვს.

როგორც მოგეხსენებათ, იკერ მუნიაინი “ატლეტიკის” აღზრდილია და მთელი კარიერის განმავლობაში ბასკურ კლუბში თამაშობს. ის 2019 წლიდან გუნდის კაპიტანია.

ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ყველა საკლუბო ტურნირზე ერთად 36 მატჩი ჩაატარა, ექვსი გოლი გაიტანა და 11 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

პრემიერ ლიგის გუნდი მამარდაშვილის სანაცვლოდ 15 მილიონს იხდის

ესპანური სატრანსფერო პორტალ Futbol Total-ის ინფორმაციით, პრემიერ ლიგის ერთ-ერთი გუნდი, რომელიც დაზუსტებული არ არის, მზად არის გიორგი მამარდაშვილის სანაცვლოდ 15 მილიონი ევრო გადაიხადოს.

გიორგი “ვალენსიაში” “დინამოდან” სულ რაღაც 900 ათასი ევროს სანაცვლოდ გადავიდა და “ვალენსია” აპირებს მისი გამოსასყიდი თანხის მოცულობა 50 მილიონამდე აწიოს.

ნაკლებად სავარაუდოა, გუნდმა მისი ამომავალი ვარსკვლავის გაყიდვა გადაწყვიტოს, მიუხედავად ფინანსური კრიზისა და 15 მილიონისა.

რა თქმა უნდა, ჩვენებურის მიმართ ახლა ძალიან დიდი დაინტერესებაა და შესაძლოა, “ვალენსიამ” მის სანაცვლოდ საკმაოდ ბევრი შემოთავაზება მიიღოს.

პოჩეტინო “პსჟ”-ში სერხიო რამოსის მოყვანის წინააღმდეგი იყო

“პარი სენ-ჟერმენის” მთავარი მწვრთნელი მაურისიო პოჩეტინო კლუბში არსებული ვითარებით უკმაყოფილოა.

“სქაი სპორტსის” თანახმად, არგენტინელ სპეციალისტს ტრანსფერების უმეტესობაზე მინიმალური გავლენა ჰქონდა. კერძოდ, თუ არ ჩავთვლით აშრაფ ჰაკიმის შეძენას, ზაფხულის სატრანსფერო კამპანიის დროს ფრანგულმა კლუბმა პოჩეტინოს აზრი არ გაითვალისწინა. მეტიც, პარიზელთა თავკაცი გუნდში სერხიო რამოსის მოყვანის წინააღმდეგი იყო. პოჩეტინო ფიქრობდა, რომ ვეტერანი ესპანელი მცველი ტრავმებისკენ არის მიდრეკილი და “პარი სენ-ჟერმენს” ვერ დაეხმარებოდა.

ცნობისათვის, სერხიო რამოსმა საფრანგეთის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში ცხრა მატჩი ჩაატარა და ოტი გოლი გაიტანა.

დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამ სეზონის ბოლოს პოჩეტინომ, შესაძლოა, “პარი სენ-ჟერმენი” დატოვოს და “ტოტენჰემ ჰოთსპურში” დაბრუნდეს. თავის მხრივ, “დეზების” თავკაც ანტონიო კონტეს პარიზში ელიან.

“ჰამბურგი” გიორგი ჩაკვეტაძის კონტრაქტს არ გამოისყიდის

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველ გიორგი ჩაკვეტაძეს ბელგიაში დაბრუნება მოუწევს.

ავტორიტეტული გერმანული გამოცემა “ბილდი” იუწყება, რომ “ჰამბურგი” 22 წლის ქართველი ფეხბურთელის კონტრაქტს არ გამოისყიდის. შესაბამისად, ზაფხულში ჩაკვეტაძეს “გენტში” დაბრუნება მოუწევს.

გიორგი ჩაკვეტაძე “ჰამბურგში” იჯარის წესით ზამთრის პერიოდიდან თამაშობს. მან გერმანიის ბუნდესლიგის მიმდინარე გათამაშებაში ათი არასრული მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

ქართველ ფეხბურთელსა და “გენტს” შორის არსებულ შრომით ხელშეკრულებას ვადა 2023 წლის 30 ივნისის ჩათვლით აქვს.

ფილიპ ლამი გერმანიაში “ბაიერნის” ჩემპიონობით უკმაყოფილოა

მიუნხენის “ბაიერნმა” გერმანიის ბუნდესლიგა მიჯრით მეათედ მოიგო, თუმცა ეს ფაქტი ბავარიული გუნდის ყოფილ კაპიტან ფილიპ ლამს სულაც არ ახარებს.

“ზედიზედ მეათე ჩემპიონობა, რა თქმა უნდა, ცუდია. ცუდია ისიც, რომ გუნდმა ასე ადრე გაინაღდა ტიტული. ბრძოლა ჩემპიონობისთვის უფრო მძიმე უნდა იყოს.

შესაძლებელია, რომ ერთი და იმავე გუნდმა ტიტული ზედიზედ რამდენჯერმე მოიგოს, მაგრამ საჩემპიონო ბრძოლა უფრო დაძაბული უნდა იყოს. ბუნდესლიგა მაყურებლის ინტერესს გათამაშების დასრულებამდე უნდა ინარჩუნებდეს, ჩეპიონის ვინაობა კი ფინიშამდე ოთხი ტურით ადრე არ უნდა ირკვეოდეს.

როგორ შევძინოთ ტურნირს დაძაბულობა? არ ვიცი”, – ლამის კომენტარს T-Online-ი აქვეყნებს.

ფილიპ ლამმა “ბაიერნის” შემადგენლობაში გერმანიის ბუნდესლიგა რვაჯერ მოიგო. დღესდღეობით ის 2024 წელს გერმანიაში გასამართი ევროპის ჩემპიონატის ასორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელია.

დღის ფოტო: რამ აღფრთოვანა “ვალენსიას” ფანები ყველაზე მეტად?

“ვალენსია” კოპა დელ რეის ფინალში “ბეტისთან” პენალტების სერიაში დამარცხდა. კარში გიორგი მამარდაშვილი იდგა, რომელსაც ხოაკინის პენალტის აღებამდე ძალიან მცირე დააკლდა.

სათადარიგო სკამზე გიორგიზე გამოცდილი მეკარეები, ხაუმე დომენეკი და იასპერ სილესენი იყვნენ. პენალტების სერიის დაწყებამდე, სამივე მათგანი ერთად შეიკრიბა, სილესენს ხელში პლანშეტი ეჭირა და მამარდას გარკვეულ მითითებებს აძლევდა.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენებურმა პენალტი ვერ მოიგერია, “ვალენსიას” ფანებმა ის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს და სამივე გოლკიპერის ერთად ყოფნის მომენტს განსაკუთრებული აღფრთოვანებით გამოეხმაურნენ.

“ეს არის ერთი ოჯახი!”

აღსანიშნავია, რომ “ღამურების” ოფიციალურ გვერდთან ინტერვიუში გიორგი აღნიშნავს, რომ მას ადაპტაციაში სილესენი ძალიან დაეხმარა.

“გიორგიმ მოგვათრია პენალტებამდე, მაგრამ მან უნდა…” – რას წერენ ესპანელი ფანები მამარდაზე?

“ვალენსია” პენალტების სერიაში დამარცხდა და ესპანეთის თასის გამარჯვებული “ბეტისი” გახდა. ის, რომ გუნდმა პენალტებამდე საერთოდ მიაღწია, დიდწილად გიორგი მამარდაშვილის დამსახურებაა, რომელმაც რამდენიმე მაგარი სეივი გააკეთა. ესპანელი და უცხოელი ფანები მას “ვალენსიას” მხრიდან საუკეთესო ფეხბურთელად განიხილავენ.

ბორხა და მამარდაშვილი, ყოველგვარი ეჭვის გარეშე, საუკეთესოები იყვნენ!”

“მამარდაშვილმა ახალი ისტორია დაიწყო!”

“გიორგიმ მოგვათრია პენალტებამდე, მაგრამ მან უნდა ისწავლოს გარკვეული “ბნელი ხრიკები”. ეს გამოცდილებასთან ერთად მოვა”

“გუნდს ვერ დავადანაშაულებ, იბრძოლეს და ბოლომდე იდგნენ. მართალია, მამარდაშვილმა დაგვტოვა მატჩში, თუმცა მოგებაც შეგვეძლო”

“ბორდალასს შეეშალა, პენალტების დროს სხვა მეკარე უნდა დაეყენებინა”

“რამეში ბრალი მიუძღვის მეკარეს? არა, ის საუკეთესო იქნება წლების განმავლობაში”

“ის შემდეგი 10 წელი სასტარტოში უნდა იყო. ეს ბიჭი საკუთარ ეპოქას შექმნის. დაიმატეთ, დიეგო ალვეში მეკარეების მწვრთნელად და დიეგო მას ყველაზე სრულყოფილს გახდის”

“მამარდა მთელი თამაშის განმავლობაში საოცრად კარგი იყო, მაგრამ მგონი, პენალტებისას ნერვიულობა ზედმეტად დაეტყო”

“რაც არ უნდა მოხდეს, წლების შემდეგ გიორგი მამარდაშვილი (თბილისი, 29 სექტემბერი, 2000) “ვალენსიას” პირველი მეკარეა, რომელმაც ასეთ დიდ მატჩში, საუკეთესო ინდივიდუალური პერფორმანსი დადგა.”

ქართველის შესახებ ასობით კომენტარი იწერება და ძალიან ცოტაა ისეთი, ვინც პენალტების სერიაში მას რამეს აბრალის.

 

ლიონელ მესის ულამაზესი გოლი “ლანსის” კარში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო