“ვალენსიას” ფანები მამარდაშვილის დარჩენას კატეგორიულად მოითხოვენ! 70 მილიონი?

“ვალენსიას” მთავარმა მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ გუნდს ფინანსური კრიზისის მოსაგვარებლად 70 მილიონი სჭირდება.

“ვალენსიას” ფანებმა ამ ინფორმაციის გაგების შემდეგ სხვადასხვა სქემების შემუშავება დაიწყეს, რადგან ფიქრობენ, რომ ხელმძღვანელობა 70 მილიონის შოვნას სწორედ ფეხბურთელების გაყიდვით აპირებს.

“მზად ვარ, გავყიდოთ გაია, სოლერი, გუედეში, რა თქმა უნდა, სილესენი, ოღონდ მამარდას ხელი არ დაედოს” – წერს ერთ-ერთი ფანი.

დაახლოებით გადაანგარიშებით – გაია 20 მილიონად ფასობს, სოლერი 25-ად, გუედეში კი 35-ად. ეს თანხა სრულად ეყოფა ვალებს და ერთი ფეხბურთელის დამატებაც მოხერხდება. იმ ფონზე, თუ სილესენისგან კლუბი 7-10 მილიონს მაინც მიიღებს, შესაძლოა, უკვე 2 ახალი მოთამაშეც გამოვიდეს.

“ვალენსიას” ფანების მხოლოდ მცირე ნაწილი ფიქრობს ქართველის გასხვისებაზე. უფრო მეტად, ის ფაქტი მოსწონთ, რომ გიორგი მხოლოდ 850 ათას ევროდ შეიძინეს და შეუძლიათ, მასში გაღებული თანხა ათმაგად და ოცმაგად ამოიღონ.

“არ მისცეთ მათ ასეთი იდეები” – წერს ის ხალხი, რომელთათვის მამარდა “ვალენსიას” მომავალი და 10 წლის განმავლობაში შეუცვლელი კიპერია.

ყველაფერი ზაფხულში გაირკვევა, როცა სეზონი დასრულდება და “ვალენსია” მომავალი წლის ბიუჯეტის გეგმას დადებს.

იტალიაში წლის საუკეთესონი დაასახელეს

იტალიის სერია A-ს 2021-2022 წლების გათამაშების საუკეთესო ფეხბურთელები დასახელდნენ:

საუკეთესო მეკარე: მაიკ მენიანი (“მილანი”);
საუკეთესო მცველი: გლეისონ ბრემერი (“ტორინო”);
საუკეთესო ნახევარმცველი: მარსელო ბროზოვიჩი (“ინტერი”);
საუკეთესო თავდამსხმელი: ჩირო იმობილე (“ლაციო”);
საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი: ვიქტორ ოსიმჰენი (“ნაპოლი”).

რეიტინგი სტატისტიკური მაჩვენებლებისა და დაფიქსირებული მონაცემთა ანალიზის გათვალისწინებით შედგა. მთავარი მაჩვენბლები იყო: მოძრაობა ბურთის გარეშე, პოზიციის შერჩევა და გუნდის ეფექტიანობაში შეტანილი წვლილი.

“ინტერმა” მხითარიანის გადმობირებაზე მუშაობა დაიწყო

მილანის “ინტერმა” ჰენრიხ მხითარიანის გადმობირებაზე მუშაობა დაიწყო.

“კალჩომერკატოს” ცნობით, “ნერაძურიმ” ამ კვირაში სომეხი ფეხბურთელის გარემოცვასთან მოლაპარაკება გამართა. მხითარიანს “რომასთან” კონტრაქტი ერთ თვეში ეწურება. ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე მოლაპარაკება ნელი ტემპით მიმდინარეობს, რაც იმის რეალურ რისკს ქმნის, რომ ფეხბურთელმა დედაქალაქური კლუბი დატოვოს.

თავის მხრივ, “ინტერს” ამ ზაფხულს ფინანსური შეზღუდვები აქვს, რის გამოც კლუბი თავისუფალი აგენტების ბაზარზე არის გადასული. სიმონე ინძაგის გუნდის ერთ-ერთი არჩევანი სწორედ 33 წლის სომეხი ნახევარმცველი გახლავთ და უფრო სარფიანი კონტრაქტის შეთავაზების შემთხვევაში, მხითარიანი, სავარაუდოდ, “რომაში” დარჩენას “ინტერში” გადასვლას ამჯობინებს.

უეფას 2023 წლის სუპერთასის ყაზანიდან გადატანა სურს

ავტორიტეტული სპორტული ტელეარხი ESPN იუწყება, რომ შესაძლოა, უეფას 2023 წლის სუპერთასის მასპინძელი ქალაქი შეიცვალოს.

ორი წლის წინ შეხვედრის ჩატარების ადგილად რუსეთის ქალაქი ყაზანი შეირჩა, თუმცა წელს განვითარებული ცნობილი მოვლენების შემდეგ უეფას მასპინძლის შეცვლა სურს და ალტერნატიულ ვარიანტებს უკვე განიხილავს. აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით უეფაში კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

შეგახსენებთ, რომ ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ სანქტ-პეტერბურგს ჩემპიონთა ლიგის წლევანდელი გათამაშების ფინალური მატჩის მასპინძლის სტატუსი ჩამოართვა და ეს პრივილეგია პარიზს მიანიჭა.

ვილი სანიოლის ვრცელი ინტერვიუ, თუ რას ელის ფეხბურთელებისგან

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 24 მაისს უეფას ერთა ლიგის მატჩებისთვის საწვრთნელ შეკრებას იწყებს. ივნისში დაგეგმილი ოთხი მატჩისთვის ვილი სანიოლმა 29 ფეხბურთელი გამოიძახა.

სავარჯიშო პროცესის დაწყებამდე გამოძახებულთა სიაში დღეს ერთი იძულებითი ცვლილება განხორციელდა. კუნთის ტრავმის გამო ივნისის თამაშებში ჩვენ გუნდს გიორგი ქვილითაია ვერ დაეხმარება. მის ნაცვლად განაცხადში იქნება ავსტრალიური ნიუკასლ ჯეტსის ქართველი ლეგიონერი ბექა მიქელთაძე.

20 მაისს სასტუმრო შერატონში გამართული პრესკონფერენცია ვილი სანიოლმა იძულებითი ცვლილების შესახებ ინფორმაციის გაცნობით დაიწყო. მოგვიანებით საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ქართული მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხა.

ვილი სანიოლი (საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელი): “მინდა, მადლობა გადავუხადო გიორგი ქვილითაიას. მან რამდენიმე კვირის წინ მიიღო ტრავმა, თუმცა მისი გამოძახება დიდი რისკი იყო ჩემი მხრიდან, რაზეც დათანხმდა და სამწუხაროდ, ახლა გაუმწვავდა. მას იმდენად უყვარს საქართველოს ეროვნული ნაკრები, რომ მზად იყო საკუთარი ჯანმრთელობა გაერისკა. დარწმუნებული ვარ, რომ მომდევნო მატჩებში კვლავ დაგვეხმარება.

გიორგი ჩაკვეტაძეს ბოლო წლებში არაერთი პრობლემა ჰქონდა ტრავმებთან დაკავშირებით. ბოლო დროს მას სათამაშო დროის ნაკლებობა აქვს, თუმცა მისი გამოძახება გადავწყვიტე, რადგან ახლა ისეთი პერიოდი აქვს, როდესაც მხარდაჭერა და დახმარება სჭირდება. ვიცით, რა აქვს წარსულში ეროვნული ნაკრებისთვის გაკეთებული. ჰამბურგში ვიყავი, ვესაუბრე და მივიღე მისი გამოძახების გადაწყვეტილება, რათა მისთვის მხარდაჭერა მეჩვენებინა. მან იცის, რომ ყველა თამაშის ძირითად შემადგენლობაში ვერ ითამაშებს ან, შესაძლოა, განაცხადს მიღმაც აღმოჩნდეს, რადგან 29 ფეხბურთელი გვყავს, სამატჩო განაცხადში კი 23 იქნება. რასაც მისგან ველი, არის შრომისმოყვარეობა და ასპროცენტიანი პროფესიონალიზმი, რათა დაუბრუნდეს იმ დონეს, რომელზეც იყო.

დავით ვოლკოვმა ნოემბერში ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა შვედეთთან და უზბეკეთთან შეხვედრებში, სადაც გოლიც გაიტანა. ალბანეთთან შეხვედრაში გარკვეული პრობლემები ჰქონდა, რადგან საკუთარ ადგილს ვერ პოულობდა. ბოლო პერიოდში გარკვეული პრობლემები ჰქონდა, ვერ გაჰქონდა გოლები, თუმცა მას პროფესიონალური მიდგომა აქვს და დარწმუნებული ვარ, კვლავ აღიდგენს ძველ ფორმას და ნაკრებს მომავალში დაეხმარება.

მესმის, რომ გულშემატკივარს მოლოდინი აქვს და ეს კარგია, რომ მათ გუნდის წარმატება სურთ. ჩვენს ჯგუფში გიბრალტარი, ალბათ, აუტსაიდერად მიიჩნევა, ბულგარეთს საკმაოდ დიდი ტრადიციები აქვს. ბოლო დროს არ ჰქონდათ კარგი შედეგები, თუმცა ახალი თაობა საკმაოდ დიდ დახმარებას უწევს და მომავალში ეს გუნდი აუცილებლად გაძლიერდება. რაც შეეხება ჩრდილოეთ მაკედონიას, ამ გუნდმა იტალია დაამარცხა და ამ მომენტისთვის ჩვენი ჯგუფის ყველაზე ძლიერ გუნდად მიიჩნევა, თუმცა ბოლო პერიოდში ჩვენც მივაღწიეთ გარკვეულ სტაბილურობას და რამდენად მზად არის გუნდი იმისთვის, რომ გაამართლოს გულშემატკივრის მოლოდინი, შეკრების დაწყების შემდეგ გამოჩნდება.

ოთარ კიტეიშვილი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, გამოცდილი ფეხბურთელია ჩვენი გუნდისთვის. მას სხვადასხვა პოზიციაზე შეუძლია თამაში და ეს დადებითი მომენტია ჩემთვის. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მას გარკვეული დრო დასჭირდება, რათა ფორმაში ჩადგეს და სრულყოფილად შეძლოს გუნდის დახმარება. მის პოზიციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მოგვიანებით მივიღებ.

გიორგი მიქაუტაძე მარტში ჩვენთან ერთად არ იმყოფებოდა. არ ვიყავი კმაყოფილი მისი მიდგომით. ის ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია, რომელსაც შეუძლია დაეხმაროს ნაკრებს. დაველაპარაკე და ავუხსენი, რის გამოც ვიყავი მისი თამაშით უკმაყოფილო. გიორგი ჩაკვეტაძის მსგავსად, მიქაუტაძე ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია, რომელიც დაგვეხმარება, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გააცნობიერებს რას ველოდები მისგან და ყველა დავალებას შეასრულებს. ფეხბურთელმა ბევრი უნდა ირბინოს, ბევრი იშრომოს და მხოლოდ შემდეგაა ტექნიკური მხარე მნიშვნელოვანი.

ჩრდილოეთ მაკედონიამ ითამაშა ევროპის ჩემპიონატზე და დაამარცხა იტალიის ნაკრები და ჩვენი ჯგუფის ფავორიტად მიმაჩნია, თუმცა ეს სტატუსი არაფერს ნიშნავს და მოედანზე შეიძლება შეიცვალოს. ეროვნულ ნაკრებში გამოძახებული 29 ფეხბურთელიდან არაერთმა მოთამაშემ მიიღო ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღდეგ ფინალურ შეხვედრაში მონაწილეობა, თუმცა არ მგონია, რომ ახლა რევანშზე უნდა ვიფიქროთ. თუ ვინმესთვის ეს დამატებითი მოტივაცია იქნება და ამით ისინი დამატებით ენერგიას მიიღებენ, საწინააღმდეგო არაფერი მაქვს.

ჯაბა კანკავას წასვლის შემდეგ, მის პოზიციაზე გარკვეული სიცარიელე შეიქმნა. წინა შეკრებაზე ანზორ მექვაბიშვილი გამოვიძახეთ. ძალიან მომწონს მისი თამაში და აზროვნება მოედანზე. ცენტრალურ ნახევარდაცვაში საკმაოდ დიდი კონკურენციაა. გვყავს კვეკვესკირი, გვილია, აბურჯანია, კიტეიშვილი, მამუჩაშვილი და აქედან გამომდინარე ვერ ხდება ყველა ფეხბურთელის გამოძახება. სანდრო ალთუნაშვილი ეროვნული ნაკრების კანდიდატია, შარშან მას დავაკვირდით და მომავალშიც გავითვალისწინებთ, თუმცა ვიმეორებ, რომ კონკურენცია დიდია და ეს ძალიან კარგია.

ბედნიერი მწვრთნელი ვარ, რადგან ლორიას, მამარდაშვილის და კუპატაძის სახით სამი ძალიან მაღალი დონის მეკარე მყავს. გიორგი ლორიას ძალიან დიდი გამოცდილება აქვს, თუმცა ალბანეთთან შეხვედრაში მამარდაშვილმა უდიდესი პროგრესი გვაჩვენა. ლორიას არასდროს გაუცრუებია იმედი, ხოლო ალბანეთთან ვიხილეთ, რომ მამარდაშვილი სრულად განსხვავებული მეკარე იყო ბულგარეთთან შეხვედრასთან შედარებით. იქნება თუ არა ცვლილებები ამ პოზიციაზე, ამ მომენტისთვის ვერ ვიტყვი. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები მომავალ თამაშებში.

ხვიჩა კვარაცხელიას მარტში ვესაუბრე და ვფიქრობ, რომ ბათუმის დინამოში თამაში ამ ეტაპზე სწორი გადაწყვეტილება იყო. ნაპოლიში გადასვლა მისთვის დიდი ნაბიჯი და დიდი გამოწვევაა. ბევრი შრომა მოუწევს, თუმცა მჯერა, რომ ამ გუნდში თავის დამკვიდრებას მოახერხებს, რაც ჩვენთვისაც ძალიან კარგი იქნება.

მომდევნო მატჩებში, რა თქმა უნდა, იქნება როტაცია. ყველა ვერ ითამაშებს ოთხივე თამაშს და დიდი იმედი მაქვს, რომ მაღალ დონეზე და სრულყოფილად დაეხმარებიან ჩვენს გუნდს”.

მიქელთაძე ქვილითაიას ნაცვლად – იძულებითი ცვლილება ნაკრებში

საქართველოს ეროვნულ ნაკრებში იძულებითი ცვლილება განხორციელდა და გიორგი ქვილითაიას ნაცვლად სანიოლმა ბექა მიქელთაძე გამოიძახა.

ქვილითაიამ გამოჯანმრთელება ვერ მოასწრო, მიქელთაძე კი ავსტრალიის ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

პირველი მატჩი გიბრალტართან 2 ივნისს გაიმართება.

დიეგო ფორლანი – კაცი, რომელმაც ჯაბულანი მოათვინიერა (ვიდეო)

გუშინ დიეგო ფორლანი 43 წლის გახდა და ბევრ გულშემატკივარს მისი თამაში ნაკლებად ახსოვს.

ფორლანი 2010 წელს მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ და ბომბარდირად დასახელდა. მისი ერთ-ერთი გამორჩეული გოლი ჯაბულანით.

პატრიკ ვიეირას დაპირისპირება “ევერტონის” ფანთან (ვიდეო)

19 მაისს, ინგლსისის პრემიერ ლიგის 37-ე ტურში “ევერტონმა” საკუთარ მოედანზე “კრისტალ პალასი” 3:2 დაამარცხა და ინგლისის მთავარ ლიგაში ადგილი შეინარჩუნა.

“ევერტონი” ორბურთიანი სხვაობით მარცხდებოდა, თუმცა ფრენკ ლამბარდის გუნდმა თამაში შემოატრიალა.

მატჩის 85-ე წუთზე და უკვე მისი დასრულების შემდეგ მოედანზე მასპინძელი გუნდის გახარებული ფანები შეიჭრნენ, რომელთაგან ერთ-ერთი “კრისტალ პალასის” მთავარ მწვრთნელ პატრიკ ვიეირას დაუპირისპირდა.

 

აი, რაში სჯობია სანიოლი ვაისს ასჯერ! – ფრანგი მწვრთნელის 3 სწორი გადაწყვეტილება

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ეროვნული ლიგიდან ივნის მატჩებისთვის შემდეგი ფეხბურთელები გამოიძახა.

ხვიჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი, მამუკა კობახიძე, ირაკლი აზაროვი, ლადო მამუჩაშვილი, გრიგოლ ჩაბრაძე და ლაზარე კუპატაძე ბათუმის “დინამოდან”.

ანრი მექვაბიშვილი თბილისის “დინამოდან”.

ეს მაშინ, როცა ვლადიმერ ვაისი ეროვნული ლიგიდან არაფრის დიდებით არ იძახებდა ფეხბურთელებს და ადგილობრივი ჩემპიონატი არაფრად მიაჩნდა.

მეორე მხრივ, სანიოლმა უთამაშებელი გიორგი ჩაკვეტაძე გამოიძახა. ბევრი ბჭობდა შემადგენლობის დასახელებამდე, რამდენად იყო გიორგი ნაკრებში გამოსაძახებელი სათამაშო პრაქტიკის არქონის გამო, მაგრამ ის, რაც მას აქვს –  იგივე, ბურთის დაჭერა, კონტროლი და სხვა ღირსებები, 4 მატჩიდან ერთში მაინც გამოსადეგი იქნება.

სათუოა, ვაისს მსგავსი გადაწყვეტილება მიეღო და ჩემი აზრით, აქაც ზედმეტად ფორმალურად მოიქცეოდა.

გარდა იმისა, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია, სანიოლს ცვლილებების დაგვიანება არ უყვარს და არ ელოდება მე-80 წუთს.

ველოდებით ივნისს და სანაკრებო მატჩებს.

2 ივნისი | საქართველო-გიბრალტარი | 20:00

5 ივნისი | ბულგარეთი-საქართველო | 22:45

9 ივნისი | ჩრდილოეთ მაკედონია-საქართველო | 22:45

12 ივნისი | საქართველო-ბულგარეთი | 20:00

“ჰამბურგმა” “ჰერტას” მოუგო – ჩაკვეტაძე კვლავ სკამზე დარჩა

ბუნდესლიგის პლეი-აუტში ერთმანეთს ბერლინის “ჰერტა” და “ჰამბურგი” უპირისპირდებიან. პირველი მატჩი რამდენიმე წუთის წინ მორჩა და “ჰამბურგმა” 0-1 იმარჯვა.

ერთადერთი გოლი 57-ე წუთზე რეისმა გაიტანა.  სამწუხაროდ, გიორგი უკვე 1 თვეზე მეტია სკამზეა და ამჯერადაც, ასე მოხდა. მწვრთნელს მოედანზე არ შეუყვანია.

განმეორებითი მატჩი 23 მაისს ჰამბურგში ჩატარდება. ფაქტია, “ჰამბურგმა” ბუნდესლიგაში დასაბრუნებულად დიდი ნაბიჯი გადადგა და ამ დროს, დიდი ალბათობით, ქართველის გამოსყიდვა არ მოხდება.

შოთა არველაძემ “ჰალში” პირველი ტრანსფერი განახორციელა

შოთა არველაძეს “ჰალ სიტიმ” პირველი ტრანსფერი განახორციელა და თურქული “ჰათაისფორიდან” 26 წლის შემტევი ნახევარმცველი, ადამა ტრაორე დაიმატა.

ადამა “ჰალთან” 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და “სიტის” თურქი მფლობელის, აჯუნ ილიჯალის ინფორმაციით, ტრანსფერის ყველა დეტალი вфსრულებულია.

ტრაორე საკმაოდ პერსპექტიულ ფეხბურთელად ითვლებოდა და 2015 წელს “მონაკომ” “ლილის” მის სანაცვლოდ 14 მილიონიც გადაუხადა. ახლა 4.5 მილიონ ევროდ არის შეფასებული და “ჰათაისფორში” ტრავმის გამო ხშირი სათამაშო პრაქტიკა აღარ ჰქონდა.

ეს გუნდის პირველი ტრანსფერია, თუმცა “ჰალი” ამაზე გაჩერებას არ აპირებს.

“ტორპედო” მწვრთნელებმა დატოვეს – ახალი 20 მაისს დაინიშნება

ქუთაისის “ტორპედო” 20 მაისს ახალ მწვრთნელს დაასახელებს. ამის შესახებ ინფორმაცია გუნდის ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება.

ხვალ, 20 მაისს 16:00 საათზე, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივესიტეტის პირველი კორპუსის სააქტო დარბაზში, კლუბის ხელმძღვანელობა გულშემატკუვრებთან შეხვედრას გამართავს, რომელზეც განიხილება გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელის დანიშვნის საკითხი” – წერია განცხადებაში.

მანამდე, “ტორპედოდან” ანალიტიკოსი ანდრიუს გიორგობიანი, მეკარეების მწვრთნელი მამუკა აბუსერიძე და ფიზ.მომზადების მწვრთნელი თემურ ლორთქიფანიძე წავიდნენ.