პარკერმა სლოვენია განზე გასწია, ჩემპიონმა ჩემპიონობისკენ გაიწია
18 სექტემბერს გამართულმა მეოთხედფინალებმა 2 ნახევარფინალისტი გამოავლინეს, რომლებსაც დღეს კიდევ 2 დაემატება. ოთხეულში თამაშის უფლება ესპანეთმა და საფრანგეთმა მოიპოვეს, რომლებმაც შესაბამისად სერბეთი და სლოვენია დაამარცხეს.
ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა ესპანეთმა სერბეთს სულ კუდით ქვა ასროლინა. ესპანელებმა მიმდინარე ევროპირველობაზე 3 მატჩი წააგეს და მათი ძლევის ჯანსაღი ამბიცია სერბებსაც ჰქონდათ, მაგრამ… რუდი ფერნანდესმა და სერხიო როდრიგესმა სხვა თანამემამულეთა დახმარებით პირველივე ტაიმში მოუმთავრეს საქმე სერბებს, როცა დიდ შესვენებაზე 48:23 იგებდნენ.
საბოლოოდ ესპანეთმა მრგვალი ანგარიშით – 90:60 გაანადგურა ბალკანელები და თუკი აქამდე არ ითვლებოდა, ახლა ჩემპიონობის უპირველეს კანდიდატად იქცა. როდრიგესმა სერბებს 22 ქულა ჩაუგდო, ხოლო ფერნანდესმა – 19.
ესპანელები ნახევარფინალში საფრანგეთს შეხვდებიან, რომელმაც ჩემპიონობისთვის ბრძოლას სლოვენია გამოთიშა. მასპინძლებს ვერ უშველა სავსე დარბაზმა და ვერც გორან დრაგიჩმა აკეთა სასწაულები. სლოვენიელთა სვლას ტონი პარკერმა და კომპანიამ დაუსვეს წერტილი. ინერციით მეოთხედფინალამდე მისული მასპინძლები გაცილებით კლასიან გუნდთან, თანაც ყოფნა-არყოფნის მატჩში, ვერაფერს გახდნენ.
ტონი პარკერმა სლოვენიელებს 27 ქულა ჩაუგდო, რითაც დრაგიჩს პირადი დუელი პირწმინდად მოუგო. ნიკოლა ბატუმმა ფრანგებს 14 ქულა შეაშველა, ხოლო ბორის დიაომ – 11. გორან დრაგიჩი კი ჩემპიონობისთვის რბოლას 18 ქულით გამოეთხოვა და დღეიდან უკვე თავის გუნდს საუკეთესო ექვსეულში მოსახვედრად გაუძღვება, რათა მსოფლიო ჩემპიონატის საგზურთან ერთად მომავალი ევრობასკეტის საგზურიც მოიპოვოს.
დღეს დარჩნილი 2 ნახევარფინალისტი ხორვატია – უკრაინისა და ლიტვა – იტალიის დაპირისპირებაში გამოვლინდება.
ნახევარფინალი. 18 სექტემბერი
სერბეთი – ესპანეთი 60:90
სლოვენია – საფრანგეთი 62:72
ნახევარფინალი. 19 სექტემბერი
ხორვატია – უკრაინა 19:45
ლიტვა – იტალია 23:00
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ოფიციალური საიტი