ფაჩულია ბითაძეს: “შენ ამას 100 წელი არ იტყვი, ამიტომ შენ მაგივრად მე ვიტყვი…”
ვეტერანმა ქართველმა კალათბურთელმა ზაზა ფაჩულიამ სოციალურ ქსელ ინსტაგრამში, პირდაპირ ეთერში “ინდიანა პეისერსის” ცენტრ გოგა ბითაძესთან ერთად ისაუბრა.
ზაზა გამოეხმაურა გულშემატკივრების ნაწილის იმ უარყოფით კომენტარებს, რაც გოგას G ლიგაში რამდენიმე მატჩის ჩატარებას მოჰყვა.
“შენ ახლა ამას 100 წელი არ იტყვი, მაგრამ შენ მაგივრად მე ვიტყვი. G ლიგაში რომ გიწევდა, შიგადაშიგ, წასვლა… ადამანი ხარ, ყველას აქვს გული, კარგი გსიამოვნებს და ცუდი, რა თქმა უნდა, არ გსიამოვნებს. შენ მაგივრად, მე დავიწყე კომენტარების კითხვა, თუ რას წერდნენ შენზე. გვქონდა კიდეც საუბარი ამაზე და გითხარი, რომ კომენტარებს ყურადღება არ მიაქციო. იმიტომ კი არა, რომ ცუდს წერენ, უბრალოდ, როცა წერენ “G ლიგაში გაუშვეს, ადრე წავიდა NBA-ში და არ არის NBA-ს დონის”… შენ მაგივრად მე გავცემ პასუხს. ეს არის პროცესი, ეს არის მარათონი, აქ 100-მეტრიანზე არ დავრბივართ, ვსაუბრობთ 15-წლიან კარიერაზე და ეს G ლიგაც ამ 15-წლიანი კარიერის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. ამის გარეშე არ შეიძლება. ვიცი, რომ შენ თავადაც გინდოდა წასვლა და ეს სწორი ნაბიჯია.
G ლიგაში წასვლა არ ნიშნავს, თითქოს ძირითადში ვერ ხვდები. პირიქით, პირველ რაუნდში აგიყვანეს. პირველივე შესაძლებლობაზე აგიყვანეს და G ლიგაც შენთვისაა. წელს შენ იყავი, მომავალ წელს ის იქნება, ვისაც აიყვანენ. G ლიგა სპეციალურადაა შექმნილი. ვინც ამბობს, რომ შენი NBA-ში წასვლა ადრე იყო, ალბათ, ეს ის ადამიანები არიან, რომლებსაც კარგად არ ესმით, როგორ ფუნქციონირებს NBA. პირიქით, ყველაფერი კარგად არის და მართლა ვამაყობ”, – თქვა ფაჩულიამ.
ამის შემდეგ, ზაზამ ის მომენტი გაიხსენა, როცა ბითაძემ ის თავის კუმირად დაასახელა.
“ჩემპიონიც გავხდი და ეს სასწაული გრძნობა იყო, მაგრამ ყველაზე მაგარი გრძნობა რა იყო, იცი? დრაფტის საღამოს რომ დაიწერა “შენი კუმირი” და გვერდზე ჩემი სახელი წავიკითხე. ეს იყო ყველაზე მაგარი გრძნობა, რადგან როცა შრომობ, ამას ახალგაზრდები და ბავშვები ხედავენ, მოსწონთ ეს და უნდათ, რომ შენ გზას გაყვნენ. ეს ყველაზე მაგარი კომპლიმენტია. ჩვენი აკადემიის ბავშვები და კალათბურთელები გვიყურებენ და მათთვის შენ უნდა იყო სამაგალითო. იცოდე, რომ უამრავი ბავშვი გიყურებს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. თუნდაც ჩემი შვილები სულ უყურებენ შენ თამაშებს, მომენტებს, როცა თამაშობ ხოლმე. მათთვის ხარ მისაბაძი ადამიანი”, – უთხრა ვეტერანმა კალათბურთელმა 19 წლის ბითაძეს.