ზაზა ფაჩულია: “საქართველო პატარა ქვეყანაა, მაგრამ ჩვენ დიდი გული გვაქვს”
“გოლდენ სტეიტის” ქართველმა კალათბურთელმა, ზაზა ფაჩულიამ ამერიკელ ჟურნალისტებთან ყველა ვარსკვლავის მატჩის გამოკითხვის შუალედურ შედეგებზე ისაუბრა.
“როგორ გავიგე ამის შესახებ? მობილურზე იმდენი შეტყობინება მომივიდა, რომ ის გაითიშა, შემდეგ დავტენე და ისევ გაითიშა. გადავწყვიტე, სოციალურ ქსელებში შევსულიყავი, სადაც აღმოვაჩინე, რომ მეორე ადგილზე ვიყავი”, – თქვა ზაზამ.
ფაჩულიამ საქართველოს შესახებაც ჰკითხეს. “უორიორსის” ცენტრმა ამერიკელებს აქ ჩამოსვლაც ურჩია.
“საქართველო განსაკუთრებული ქვეყანაა, სადაც განსაკუთრებული ხალხი ცხოვრობს. მართალია, პატარაა ქვეყანაა, მაგრამ ჩვენ დიდი გული გვაქვს. სწორედ ამიტომ, ეს შედეგები არ მაკვირვებს.
ჩვენ იმაზე მეტი ომი გადავიტანეთ, ვიდრე სხვა დიდმა ქვეყნებმა და დღესაც რუკაზე ვართ. საქართველოში ჩასვლას გირჩევთ, იქ ბევრ საინტერესო დეტალს აღმოაჩენთ.
ქართველებს კალათბურთი ძალიან უყვართ. ისინი NBA-ს მატჩებს უყურებენ. ევრობასკეტის შესარჩევ ეტაპზე, გულშემატკივრების დასწრების კუთხით რეკორდი დავამყარეთ, მაშინ ჩვენთან ნიკოლა ვუჩევიჩის მონტენეგროს დავუპირისპირდით. მადლობის მეტი, არაფერი მეთქმის”, – განაცხადა ფაჩულიამ.