ფაჩულია უმატებს: 22 წუთი და 15 ქულა “დენვერთან”
“მილუოკი ბაქსის” ქართველი ცენტრი შედეგიანობას თამაშიდან თამაშამდე უმატებს. ორთვიანი ტრავმის შემდეგ ზაზა ფაჩულიამ მესამე მატჩი ჩატარა და სასიამოვნო ტრადიცია, წარმატებით გააგრძელა – ითამაშა წინა მატჩზე მეტხანს და უკეთესად. შედეგიანობასთან ერთად ზაზას მტკიცე და მებრძოლი ხასიათიც დაუბრუნდა და “დენვერის” რუსი ცენტრის დაცაცხანებისთვის ტექნიკური დაიმსახურა.
რაც შეეხება თამაშს, “მილუოკი” მძლავრ “დენვერს” სტუმრად ეთამაშებოდა და წარმატების მიღწევა ერთობ რთული იყო. ვერც მოახერხეს – მილუოკელებმა შეხვედრა 100:110, მაგრამ ბრძოლაში დათმეს. პირველი ტაიმის შემდეგ ფაჩულიას გუნდი 52:51 იგებდა, მაგრამ მესამე მეოთხედში დაიჩაგრა, 12 ქულით ჩამორჩა და დარჩენილ დროში ეს ჩამორჩენა ვეღარ აღმოფხვრა.
ზაზამ ისევ სამარქაფო ცენტრად ითამაშა, ძირითადში მყოფი ლარი სანდერსი კი შეუდარებელი იყო. ახალგაზრდა ცენტრმა 25 ქულა და 15 მოხსნა მიითვალა.ფაჩულიაც კარგად გაისარჯა და შეიძლება ითქვას, მილუოკელებს ყველაზე ნაკლები პრობლემა სამწამიანში ჰქონდათ. ფაჩულიამ 15 ქულა, 4 მოხსნა და 2-2 პას-ჩაჭრა დააგროვა. ქართველი ცენტრი შეტევაში ტარანზე მიდიოდა, მის გაჩერებას კი ოდენ ჯარიმებით ახერხებდნენ დენვერელები – ფაჩულიამ 12 საჯარიმო ესროლა. საიდანაც 11 ჩააგდო. თამაშიდან კი მან 6-დან 2 ორქულიანი ჩააგდო. ზაზა მოედანზე წინა მატჩზე 4-ით მეტი, 22:28 წუთი იმყოფებოდა.
9 მოგება, 40 წაგება და აღმოსავლეთ კონფერენციის ბოლო ადგილი – ესაა “მილუოკი ბაქსის” შედეგი, რომელიც 8 თებერვალს დასავლელ ბობოლა “ჰიუსტონს” უმასპინძლებს.
gbf.ge