ფაჩულიამ და “მილუოკიმ” “მაიამისთან” ვერაფერი გააწყვეს
ზაზა ფაჩულიას “მილუოკიმ” ნბა-ს მოქმედ ჩემპიონსა და ახლაც პირველობის კანდიდატ “მაიამის” უმასპინძლა და ისე დამარცხდა, წარმატების შანსი არ ჰქონია. მაიამელებმა ოთხივე პერიოდში აჯობეს მასპინძლებს და საბოლოოდ 21 ქულის სხვაობით – 88:67გაიმარჯვა.
ქართველმა ცენტრმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა, მაგრამ მოედანზე მხოლოდ 18 წუთი გაატარა. ფაჩულიამ 6-დან 2 ორქულიანი ჩააგდო და შეხვედრა 4 ქულით დაასრულა. ზაზა ფარზე უფრო აქტიური იყო და თავი 6 მოხსნას მოუყარა, რასაც 1 პასი და 1 ჩაჭრა მოაყოლა, ბურთი კი 1-ხელ დაკარგა.
მილუოკელთაგან დიდად გამორჩეული არავინ ყოფილა. ბომბარდირ რამონ სეშენსს მხოლოდ 15 ქულა ჰქონდა. არც მაიამელთაგან გამორჩეულან – 14 ქულა კრის ბოშმა მოაგროვა, სამ კალათბურთელს კი 13-13 ქულა ჰქონდა – ლებრონ ჯეიმსს, ტონი დაგლასს და რაშარდ ლუისს.
მომდევნო მატჩს “მილუოკი” 31 მარტს, სტუმრად “დეტროიტთან” გამართავს.