ფაჩულიამ საგამოფენო მატჩები “პორტლენდთან” გამარჯვებით და სტაბილურად დახურა (ვიდეო)
ზაზა ფაჩულიამ და მისმა „გოლდენ სტეიტმა“ საგამოფენო მატჩები დაასრულეს და 25 ოქტომბერს ნბა-ს რეგულარული ჩემპიონატის პირველ მატჩში „სან ანტონიოს“ უმასპინძლებენ. საგამოფენო მატჩები, რომლებსაც სეზონისთვის მოსამზადებელი მნიშვნელობა აქვს, ოკლენდურმა გუნდმა დამაჯერებლად წარმართა და პირველ შეხვედრაში „ტორონტოსთან“ წაგების შემდეგ ზედიზედ 6 მატჩი მოიგო.
დღეს, საქართველოში რომ თენდებოდა, გოლდენსტეიტელებმა „პორტლენდს“ უმასპინძლეს და 107:96 დაამარცხეს. ისევე როგორც ყველა მანამდე შეხვედრა, ფაჩულიამ ამჯერადაც სასტარტო ხუთეულში ითამაშა და წინა შეხვედრასთან ძალიან მიახლოვებული სტატისტიკა აჩვენა. 19 ოქტომბერს ოკლენდელებმა „ლოს ანჯელესს“ 123:112 მოუგეს და ფაჩულიამ 4 ქულა, 6 მოხსნა, 5 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. ზაზას ამჯერად ყველა მაჩვენებელი იგივე ჰქონდა, გარდა პასებისა. „პორტლენდთან“ დღევანდელ შეხვედრაში ქართველმა ცენტრმა 1 პასი მიითვალა. სროლათა მაჩვენებლებიც ერთნაირი იყო: წინა მატჩის მსგავსად ფაჩულიამ ამჯერადაც 1-დან 1 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, მოედანზე კი 19 წუთი გაატარა.
„გოლდენ სტეიტში“ 35 ქულით საუკეთესო იყო სტეფ კარი. 28 ქულა, 7 მოხსნა და 6 პასი მიითვალა კევინ დიურანტმა, ხოლო ოკლენდელთა სათადარიგო ცენტრ ანდერსენ ვარეჟაოს 6 წუთში თითო მოხსნა-პასი დაუგროვდა.
GBF.GE