ფაჩულიამ წლის ბოლო მატჩში საუკეთესოდ ითამაშა, თუმცა “ორლანდოსთან” წააგო (ვიდეო)
ეროვნულ საკალთბურთო ასოციაციაში 2018 წელი მარცხით დაასრულა ზაზა ფაჩულიას „დეტროიტ პისტონსმა“, რომელიც სტუმრად „ორლანდო მეჯიქთან“ დრამატულ ბრძოლაში ბოლო წამზე დამარცხდა – 107:109.
ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ჩინებულად ითამაშა ზაზა ფაჩულიამ. შეიძლება ვთქვათ, რომ „დეტროიტში“ გადაბარგების შემდეგ ზაზას საუკეთესო მატჩიც ჰქონდა. ვეტერანმა ქართველმა ცენტრმა პარკეტზე 23:01 წუთი გაატარა და ხსენებულ დროში შედეგიანად ითამაშა – 8 ქულა, 6 მოხსნა, 4 პასი, 2 ჩაჭრა და 2 დაფარება. ფაჩულიამ 5-დან 2 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ორჯერ კი ბურთი მეტოქის ფარზე მოხსნა.
აღსანიშნავია, რომ ქართველი ცენტრი თანაგუნდელთა შორის მოხსნების რაოდენობით მხოლოდ ანდრე დრემონდს ჩამორჩა (14 ქულა, 15 მოხსნა), ხოლო შედეგიანი პასებით ბლეიქ გრიფინს (15 ქულა, 5 პასი). აი, ჩაჭრებსა და ბლოკშოტებში „დეტროიტის“ რიგებში საუკეთესო მაჩვენებლით დაასრულა შეხვედრა.
„ორლანდოს“ რიგებში მონტენეგროელი ცენტრი ნიკოლა ვუჩევიჩი გამოირჩა ორმაგი დუბლით (22 ქულა, 11 მოხსნა, 4 პასი) და ასევე ორმაგი დუბლი გაიფორმა აარონ გორდონმა (22 ქულა, 10 მოხსნა, 4 პასი).
„დეტროიტი“ 34 თამაშში 16 მოგებითა და 18 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მერვე პოზიციაზე იმყოფება. მომდევნო შეხვედრას ფაჩულია და მისი თანაგუნდელები სტუმრად 2 იანვარს, ზაზას კიდევ ერთ ყოფილ გუნდთან, „მილუოკი ბაქსთან“ ჩაატარებენ.