ფაჩულიას 10 მოხსნა, 4 ქულა, 4 პასი და გამარჯვება ყოფილ გუნდ “მილუოკისთან” (ვიდეო)
„გოლდენ სტეიტის“ მორიგი გამარჯვება – ამჯერად ზაზა ფაჩულიას ყოფილ კლუბთან. ოკლენდელები მილუოკიში „ბაქსს“ შეხვდნენ და დაძაბულ ბრძოლაში 124:121 იმარჯვეს.
შედარებით თანაბარი პირველი ნახევრის შემდეგ ოკლენდელებმა მესამე პერიოდი 34:26 მოიგეს, მასპინძლები 10 ქულით ჩამოიტოვეს და თითქოს გამარჯვებაც ჯიბეში ჰქონდათ, მაგრამ „მილუოკიმ“ ბოლომდე იბრძოლა და ვითრება ბოლო წუთებზე უკიდურესად დაძაბა.
დასრულებამდე 2:32 წუთით ადრე ჯაბარი პარკერმა ეგრედ წოდებული ენდ-ვანი მიითვალა და „მილუოკი“ სტუმრებს 120:122 მიუახლოვდა. ამის შემდეგ მასპინძლებს არაერთი შანსი ჰქონდათ, მაგრამ მირზა ტელეტოვიჩმა და იანის ადეტოკუმბომ ყველა სროლა ააცილეს. თავი მხრივ ოკლენდელებიც სცოდავდნენ და ისე გავიდა 2 წუთზე მეტი, ბურთი არ ჩავარდნილა.
საკვანძო მომენტი იყო საფინალო სირენამდე 8 წამით ადრე, როცა ტონი სნელის პასი დრეიმონდ გრინმა ჩაჭრა და ადეტოკუმბო კლეი ტომპსონზე დაჯარიმდა. „გოლდენ სტეიტის“ სნაიპერმა ორივე საჯარიმო ჩააგდო, სტუმრები 124:120 დააწინაურა და ამით გამარჯვებულის ვინაობა გაარკვია.
ქართველმა ცენტრმა, რომელმაც „მილუოკიში“ ნბა-ში თავისი რიგით მე-2, მე-11 და მე-12 სეზონები გაატარა, მოედანზე 17 წუთი დაჰყო და ფარზე დომინირებით გოლდენსტეიტელთა გამარჯვებაში საკუთრი წილი დაიდო. ზაზა სასტარტო ხუთულში გახლდათ და უფრო დაცვით, შეტევაში კი გამოომილი პასებით გამოირჩა. ზაზამ 7-დან 2 ორქულიანი ჩააგდო და 4 ქულას 10 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა მოაყოლა.
ქართველი ფორვარდი ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო მომხსნელი გახდა, ხოლო პასებში გოლდენსტეიტელთა შორის მასზე მეტი – 5-5 პასი გრინმა, სტეფ კარიმ და კევინ დიურანტმა მიითვალეს. მექულეებში ოკლენდელებს ტრადიციული ლიდერები ჰყავდათ: დიურანტმა 33, ტომპსონმა 29, ხოლო კარიმ – 20 ქულა მიითვალა.
11 მოგებით და 2 მარცხით „გოლდენ სტეიტი“ დასავლეთ კონფერენციას „კლიპერსთან“ ერთად ლიდერობს, თუმცა ლოსანჯელესელები ამ წუთებში „ჩიკაგოს“ მასპინძლობენ და მოგების შემთხვევაში ერთპიროვნულად გალიდერების შანსი აქვთ. მომდევნო შეხვედრა ფაჩულიას გუნდს ისევ სტუმრად – „ინდიანა პეისერსთან“, 22 ნოემბერს ელის.
GBF.GE
ფაჩულიას პასი დურანტს
ფაჩულიას პასი გრინს
მიმოხილვა