ფაჩულიას 10 ქულა და გამარჯვება “ლოს-ანჯელეს ლეიკერსთან
8-მატჩიანი უიღბლო სერიის შემდეგ ზაზა ფაჩულიას გუნდმა ნავსი გატეხა. მილუოკელებმა „ლოს ანჯელეს ლეიკერსს“ უმასპინძლეს და დაძაბულ ბრძოლაში – 108:105 გაიმარჯვეს.
ქართველი ცენტრი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო, მოედანზე კი მთლიანობაში 21:23 წუთი გაატარა. ფაჩულიამ 6-დან 4 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, რამაც ჯამში 10 ქულა შეადგინა. ზაზა ფარქვეშ შედარებით პასიური იყო და მხოლოდ 2 მოხსნას დასჯერდა, რასაც 2-2 პასი და ჩაჭრა მოაყოლა, ბურთი კი ერთხელ დაკარგა.
მილუოკელთა გამარჯვების სულისჩამდგმელები უკანახაზელები იყვნენ – ბრენდონ ნაითმა 30 ქულა მიითვალა, რამონ სეშენსმა კი – 22. ფაჩულიას ოპონენტმა, გერმანული ფესვების მქონე ამერიკელმა ცენტრმა კრის კამანმა კი ზაზას მსგავსად 21 წუთი ითამაშა და 13 ქულა, 4 მოხსნა და 2 პასი დააგროვა, თუმცა ბურთი 3-ჯერ დაკარგა.
14 მოგებისა და 58 წაგების მქონე „მილუოკი“, რომელიც აღმოსავლეთ კონფერენციაში ჯერჯერობით ბოლო ადგილზეა და მის წინ მყოფი „ფილადელფიას“ გადასწრების შანსი გაუჩნდა.ფაჩულიას გუნდი მომდევნო მატჩს 29 მარტს, შინ, კონფერენციის ერთ-ერთ ლიდერ „მაიამისთან“ გამართავს.
GBF.GE