ფაჩულიას 10 ქულა და “გოლდენ სტეიტის” მორიგი გამარჯვება “პორტლენდთან” (ვიდეო)
ზაზა ფაჩულიას “გოლდენ სტეიტმა” კევინ დიურანტის გარეშეც იოლად დაამარცხა “პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი” და დასავლეთ კონფერენციის მეოთხედფინალურ სერიაში 2:0 დაწინაურდა. 40-დღიანი უქმობის შემდეგ დიურანტი გუნდს პლეი ოფამდე რამდენიმე დღით ადრე დაუბრუნდა, მაგრამ “პორტლენდთან” სერიის წინა მატჩში მარცხენა ფეხის კუნთი დაიჭიმა და დღევანდელ მატჩში ოკლენდელებს ვერ დაეხმარა. “გოლდენ სტეიტმა” ისე ითამაშა, ერთ-ერთი ლიდერის არყოფნა არ შეიტყო და სტუმარი 110:81 გაანადგურა.
პორტლენდელებმა მეორე მატჩშიც მოისაკლისეს ბოსნიელი ცენტრი, იუსუფ ნურკიჩი, ხოლო მის ადგილას ხუთეულში მყოფმა ნოა ვონლემ ვერაფერი გააწყო დამაჯერებლად მოთამაშე ზაზა ფაჩულიასთან. ქართველი ცენტრი საკმაოდ შედეგიანი იყო და თამაშიდან განხორციელებული პირველი 4 სროლიდან ყველა ჩააგდო. ფაჩულიამ მთლიანობაში 17 წუთი ითამაშა და 8-დან 5 ორქულიანი მიითვალა, 1 სამიანი კი ააცილა. ზაზამ 10 ქულასთან ერთად 4 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა ლეგიონერმა 2 ჯარიმა მიიღო და ბურთი ერთხელ დაკარგა
შედეგიანად გაისარჯა ფაჩულიას მარქაფი ჯავალ მაკგიც, რომელმაც 13 წუთში 15 ქულა მიითვალა, ხოლო საუკეთესო სტეფ კარი გახლდათ, რომელმაც 19 ქულა და 6-6 მოხსნა-პასი მოაგროვა. კლეი ტომპსონის ანგარიშზე 16 ქულა დაგროვდა.
სერიის მომდევნი მატჩი პორტლენდში 23 აპრილს გაიმართება.
GBF.GE