ფაჩულიას 11 მოხსნა და მილუოკის უიმედო მარცხი ინდიანაში
მცირე ტრავმის გამო 1 მატჩის გამოტოვების შემდეგ ზაზა ფაჩულია მოედანს დაუბრუნდა და დღეს, გამთენიისას, ინდიანაში, “პეისერსის” წინააღმდეგ ითამაშა. თუმცა მისმა “მილუოკიმ” ვერაფერი გააწყო ლიგის ერთადერთ დაუმარცხებელ გუნდთან და შეხვედრა უიმედოდ – 77:104 დათმო.
ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 24:42 წუთი გაატარა. ზაზა ძალიან აქტიური იყო და ინდიანელთა ფარს 12-ჯერ შეუტია, თუმცა მხოლოდ 2 ჩააგდო. 4 ქულასთან ერთად ფაჩულიამ მატჩში უმეტესი 11 მოხსნა და 1 პასი მიითვალა, ბურთი არც დაუკარგავს, არც ჩაუჭრია და არც დაუფარებია.
ზაზას ინდიანელმა ოპონენტმა სეზონის საუკეთესო მატჩი ჩაატარა. როი ჰიბერტმა 10-დან 8 ორქულიანი და 8-ვე საჯარიმო ჩააგდო, პლუს ამას 10 მოხსნა და 8 დაფარება მიითვალა. მილუოკელთაგან კი საუკეთესო ოჯეი მაიო გახდა 20 ქულით.
“მილუოკი” 8 მატჩიდან 6 მარცხით ცენტრალურ დივიზიონში მე-5 ადგილზეა. მომდევნო მატჩს ფაჩულიას გუნდი ხვალ ოკლაჰომაში გამართავს.
GBF.GE