ფაჩულიას 12 ქულა, 7 მოხსნა და გამარჯვება “ნიუ იორკთან”
ზაზა ფაჩულია სათამაშო დროსთან ერთად შედეგიანობასაც უმატებს. “მილუოკის” ქართელი ცენტრი 2-თვიანი იძულებითი უქმობის შემდეგ მოედანს 2 დღის წინ დაუბრუნდა და 12 წუთში 4 ქულა მიითვალა, დღეს, გამთენიისას კი ის 18 წუთით გავიდა მოედანზე და 12 ქულასთან ერთად 7 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა.
რაც მთავარია, გაუთავებელი წაგებების შემდეგ მილუოკელებმა იმარჯვეს. ფაჩულიას გუნდმა “ნიუ იორკს” უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში, 101:98 დაამარცხა. “ირმებმა” თანაბარი პირველი მეოთხედის შემდეგ მეორეში 10 ქულით იმარჯვეს და ლიდერობა დარჩენილ დროში კბილებით შეინარჩუნეს.
ფაჩულია სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა. ის ძირითად ცენტრ ლარი სანდერსს ენაცვლებოდა, რომელმაც 29 წუთში 8 ქულა და 11 მოხსნა გააკეთა. ზაზამ მთლიანობაში მოედანზე 18:25 წუთი გაატარა და 9-დან 4 ოქრულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. მილუოკელებში საუკეთესო ბრენდონ ნაითი იყო 25ქულა-7 პასით.
“მილუოკის” 9 გამარჯვების წილ 39 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციასთან ერთად მთელს ლიგაში ბოლო ადგილზე იმყოფება. მომდევნო მატჩი მილუოკელებს დენვერში 5 თებერვალს ელით.
GBF.GE