ფაჩულიას 14 ქულა, 5 მოხსნა, 4 ჩაჭრა და გამარჯვება პორტლენდში (ვიდეო)
ზაზა ფაჩულიას „გოლდენ სტეიტმა“ პორტლენდში ბეწვის ხიდზე გაიარა. ამერიკის დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქთა გუნდების დერბი საკმაოდ დაძაბული გამოდგა და 2 ქულის ხხვაობით – 113:111 დასრულდა. ოკლენდელებმა მოახერხეს გამარჯვება და ლიგის ლიდერობა გაიმყარეს.
თუმცა ბოლო წამზე ოკლენდელები მარცხს გადაურჩნენ. საფინალო სირენამდე 5 წამით ადრე „გოლდენ სტეიტი“ 2 ქულით იგებდა და ბურთი საკუთარი ფარის ქვეშიდან შემოჰქონდა, როცა კევინ დიურანტმა ბურთის მიღების მიზნით მეტოქე აკრძალული ხერხით მოიშორა. ოკლენდელთა ლიდრი დააჯარიმეს და ბურთი პორტლენდელებს გადასაცეს. ევან ტერნერმა პოტენციურად გამარჯვების სამქულიანი სულ მარტომ ესროლა, მაგრამ ააცილა, დამატებაზე ვერ ივარგა ვერც მეისონ პლამლიმ და შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით დასრულდა.
ზაზა ფაჩულიასთვის ეს გახლდათ მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი მატჩი. ქართველმა ცენტრმა 24 წუთი ითამაშა და 14 ქულა, 5 მოხსნა, 4 ჩაჭრა და 2 პასი მოაგროვა. ზაზამ 5-დან 3 ორქულიანი და 10-დან 8 საჯარიმო ჩააგდო. 14 ქულა ფაჩულიასთვის სეზონის რიგით მეორე შედეგია (საუკეთესო კი 15-ია), ხოლო 4 ჩაჭრა სეზონის საუკეთესო შედეგის გამეორებაა.
არ უთამაშია ოკლენდელთა ერთ-ერთ ლიდერ სტეფ კარის, რომელიც გაციეულია და სეზონში პირველი შეხვედრა გამოტოვა. ფაჩულიაზე მეტი ქულა კი გოლდენსტეიტელთაგან მხოლო კევინ დიურანტმა (33) და კლეი ტომპსონმა (27) მოაგროვეს. რაც შეეხებათ პორტლენდელებს, საუკეთესო შედეგი, 28 ქულა, სიჯეი მაკოლუმმა დააფიქსირა. 19 ქულას დასჯერდა დამიენ ლილარდი, პლუმლიმ კი 15 ქულას და 11 მოხსნას უწია.
41 მოგებითა და 7 მარცხით „გოლდენ სტეიტს“ ლიგის საუკეთესო შედეგი უპყრია. 2 თებერვალს ფაჩულიას გუნდი „შარლოტ ჰორნეთსს“ უმასპინძლებს.
GBF.GE
იხილეთ ზაზა ფაჩულიას მომენტები