ფაჩულიას 16 ქულა, 12 მოხსნა და გამარჯვება ლოს ანჯელესში
ზაზა ფაჩულიას საუკეთესო მატჩი მიმდინარე სეზონში. დღეს, გამთენიისას მისმა „დალას მავერიკსმა“ ლოს ანჯელესში „ლეიკერსი“ 103:93 დასცა და ამ საქმეში ქართველის წვლილი დირკ ნოვიცკისთან ერთად უდიდესია.
ფაჩულია დალასელთა სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 29 წუთში 16 ქულა, 12 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება მიითვალა. ზაზა იყო ერთადერთი მოთამაშე „მავერიკსში“, რომელმაც ორმაგი დუბლი მიითვალა.
ამ შედეგამდე ერთი მოხსნა დააკლდა სუპერვარსკვლავ დირკ ნოვიცკის, რომელმაც 25 ქულით საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. გერმანელმა ფორვარდმა 8-დან 7 ორქულიანი, 5-დან 3 სამიანი და 2-დნ 2 საჯარიმო ჩააგდო. ფაჩულია ნოვიცკის შემდეგ დალასელთაგან შედეგიანობით მეორე იყო. ქართველმა ცენტრმა 8-დან 4 ორქულიანი და 10-დნ 8 საჯარიმო ჩააგდო.
ფაჩულიამ დაჩრდილა ნბა-ს ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრი როი ჰიბერტი, რომელიც ლოსანჯელესელებმა პაუ გასოლის შემცვლელად გუნდში „ინდიანიდან“ მიიყვანეს. როი „ლეიკერსის“ სასტარტო ხუთეულში იყო და 26 წუთში 4 ქულა, 8 მოხსნა და 2 დაფარება მოაგროვა. მეორე კალათბურთელი, რომელმაც ამ შეხვედრაში ორმაგი დუბლი მიითვალა, ლეიკერსელი ჯულიუს რენდალი გახლდათ. ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა ჯულიუსი გასული, 2014 წლის დრაფტის მე-7 ნომერია, რომელმაც შარშან, ნბა-ს სადებიუტო მატჩში ხელი მოიტეხა და მთელი სეზონი გუცდა. ახლა ის მოყოჩაღებულია და „ლეიკერის“ სასარგებლოდ ზედიზედ მეორე ორმაგი დუბლი მიითვლა – 22 ქულა, 14 მოხსნა.
2 მოგებითა და 1 მარცხით „დალასი“ დასავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზე იმყოფება. მომდევნო მატჩს ფაჩულიას გუნდი 4 ნოემბერს შინ, აღმოსავლეთის დაუმარცხებელ გუნდ „ტორონტოსთან“ გამართავს.
GBF.GE