ფაჩულიას “გოლდენ სტეიტმა” რეგულარული ჩემპიონატი “სან ანტონიოსთან” მარცხით გახსნა
„გოლდენ სტეიტის“ წარუმატებელი სტარტი. ნბა-ს ახალი სეზონი დღეს 3 მატჩით გაიხსნა, რომელთაგან ერთ-ერთი საკმაოდ საინტერესო გახლდათ: ლიგის ფავორიტები – ზაზა ფაჩულიას „გოლდენ სტეიტი“ და „სან ანტონიო“ ერთმანეთს ოკლენდში შეხვდნენ. მატჩი სტუმართა ლიდერობით რომ დაიწყო, ისე ჩამთავრდა, „გოლდენ სტეიტს“ წარმატების შანსი ფაქტობრივად არ ჰქონია. სანანტონიოელებმა ყველა მეოთხედი მოიგეს და საბოლოოდ 129:100 გაიმარჯვეს.
ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთულში იყო და მოედანზე 20 წუთი გაატარა. ფაჩულიამ ერთადერთი შეტევა წარმატებულად დააგვირგვინა და მატჩი 2 ქულით, 3 მოხსნითა და 1 პასით დაასრულა. ზაზამ 2 ჯარიმა მიიღო და ბურთი 3-ჯერ დაკარგა. 2 ქულით და 4 მოხსნით დაასრულა მატჩი ქართველი ცენტრის უშუალო ოპონენტმა პაუ გასოლმა, რომელიც სანანტონიოელთა სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 18 წუთი გაატარა.
„სან ანტონიოში“ შეუჩერებელი იყვნენ ფორვარდი კავაი ლეონარდი, რომელმაც 15-დან 15 საჯარიმო და 35 ქულა მიითვალა და ლამარკუს ოლდრიჯი (26 ქულა, 14 მოხსნა). ტეხასელებს სათადარიგოთა სკამიდან დიდად დაეხმარნენ ერთწლიანი გამოცდილების მქონე ჯონათან საიმონსი (20 ქულა), პატი მილსი (11) და მანუ ჯინობილი (10).
რაც შეეხებათ ოკლენდელ მექულეებს, 27 ქულითა და 10 მოხსნით კევინ დიურანტი გამოირჩა, სტეფ კარიმ კი შეხვედრა 26 ქულით დაასრულა. დრეიმონდ გრინს 18 ქულა, 12 მოხსნა, 6 პასი და 5 ჩაჭრა ჰქონდა.
რეგულარული ჩემპიონატის მეორე მატჩს „გოლდენ სტეიტი“ 29 ოქტომბერს ნიუ ორლეანში, „პელიკანსთან“ ჩაატარებს.
GBF.GE