ფაჩულიას კარიერის რეკორდი და საუკეთესო მოთამაშის ტიტული “მინესოტასთან”
ზაზა ფაჩულიას „მილუოკიმ“ დღეს, გამთენიისას მინესოტაში „ტიმბერვულვზთან“ 101:112 წააგო, თუმცა ეს მატჩი ქართველი ცენტრისთვის გამორჩული იყო. ფაჩულიამ ნბა-ს 11-წლიან კარიერაში შედეგიან გადაცემებში პირადი რეკორდი დაამყარა. ზაზამ თანაგუნდელები 10 პასით მოამარაგა, რაც ცენტრის პოზიციის მოთამაშესთვის მართლაც გამორჩეული შედეგია.
პირად რეკორდთან ერთად ფაჩულიას წარმატება იმაშიც გამოიხატა, რომ ის მინესოტელებთან მატჩში მილუოკელთაგან ყველაზე შედეგიან მოთამაშედ დასახელდა. მართალია, 21 ქულით ბომბარდირი ბრენდონ ნაითი გახდა, მაგრამ მხოლოდ ქულებით შედეგიანი მოთამაშე რომ არ სახელდება, ყველამ კარგად იცის. ფაჩულიამ ყველა სტატისტიკური მონაცემის ერთიანობით დაიმსახურა საუკეთსოობა.
ზაზამ სასტარტო ხუთეულში – 27:51 წუთი ითამაშა. ქართველმა ცენტრმა 7-დან 4 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. 9 ქულასთან და ზემოთნახსენებ 10 პასთან ერთად ფაჩულიამ 6 მოხსნაც დააგროვა. ფაჩულიას და სხვათა გააზრებული თამაშის წყალობით მილუოკელებმა პირველი ტაიმი მოიგეს და ბოლო წუთებამდე ტოლს არ უდებდნენ მასპინძლებს, თუმცა კევინ ლავისა და კევინ მარტინის შედეგიანობით მინესოტელებმა საბოლოოდ გამარჯვების მოპოვება მოახერხეს.
13 მოგებითა და 51 წაგებით „მილუოკი“ ბოლო ადგილზეა. გასვლითი ტურნეს მორიგი გაჩერება მილუოკელებს ატლანტაში აქვთ, სადაც ფაჩულია თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ 14 მარტს ითამაშებს.
gbf.ge