ფაჩულიას “მილუოკი” “გოლდენ სტეიტთან” დაძაბულ ბრძლაში დამარცხდა
ისევ ბრძოლაში, ისევ წაგებული მატჩი – ზაზა ფაჩულიას “მილუოკი” განურჩევლად სიძლიერისა, ნებისმიერ მეტოქეს ტოლ-სწორად ეპაექრება, მაგრამ ღირსეულ ბრძლაში უმეტესწილად დამარცხებული გამოდის. ასე იყო 2 დღის წინ პორტლენდში და ასე მოხდა დღეს, გამთენიისას ოკლენდში, სადაც “ბაქსი” “გოლდენ სტეიტს” შეხვდა და მატჩი 110:115 დათმო.
მილუოკელები მთელი მატჩის განმავლობაში არ ჩამორჩებოდნენ მასპინძლებს და ბოლო წუთზე ჩამორჩნა 3 ქულამდე შეამცირეს. დასკვნით ეპიზოდში მატჩის ბედი გოლდენსტეიტელთა სნაიპერებმა – კლეი ტომპსონმა და სტივ კარიმ გადაწყვიტეს. პირველმა 2 შორეული 2-ქულიანი, მეორემ კი ეგრედწოდებული AND1 და საჯარიმო სროლები ჩააგდო, რითაც მილუოკელების ბრძოლისუნარიანობას ეფექტი დაუკარგეს.
“მილუოკის” 7-მა კალათბურთელმა 10-ქულიან ზღვარს გადააბიჯა და სამწუხაროა, რომ მათ შორის ვერ მოხვდა ქართველი ცენტრი. ზაზა ფაჩულია სასტარო ხუთეულში იყო და მოედანზე მთლიანობაში 25:35 წუთი გაატარა. ზაზა მწვრთნელმა მატჩის დასკვნითი 6 წუთი შეუცვლელად ათამაშა და ქართველმაც არაერთი სასარგებლო პასი და მოხსნა მიითვალა, თუმცა როგორც ზემოთ ვთქვით, გოლდენსტეიტელთა სნაიპერებმა მილუოკელთა შედარებით ნელ და ძალისმიერ შეტევებს აზრი დაუკარგეს.
ზაზამ 4-დან 3 ორიანი ჩააგდო, 6 ქულა დააგროვა და ამას 4 პასი, 2 მოხსნა და 1 ჩაჭრაც მოაყოლა. საუკეთესო შედეგი ბრენდონ ნაითმა (27 ქულა) აჩვენა, რამონ სეშენსმა 18 დააგროვა, ხოლო 4-მა კალათბურთელმა პირად ანგარიშზე 11-11 ქულა ჩაიწერეს. ჯონ ჰენსონმა მილუოკელებს 13 ქულა შესძინა. “გოლდენ სტეიტში” კარიმ 31 ქულა და 11 პასი მიითვალა, ტომპსონმა კი მილუოკელები 29 ქულით “დასეტყვა”.
13 მოგებითა და 56 წაგებით “მილუოკი” ლიგის აუტსაიდერია. მომდევნო მატჩს ფაჩულიას გუნდი 23 მარტს საკრამენტოში “კინგსთან” გამართავს.
GBF.GE