ფაჩულიას “მილუოკი” ლებრონის “მაიამისთან” ვერას გახდა
ტრავმებით შეთხელებულმა “მილუოკი ბაქსმა”, რომლის ღირსებასაც საქართველოს ნაკრების კაპიტანი ზაზა ფაჩულია იცავს, ნბა-ს მორიგი მატჩი უშანსოდ წააგო. მილუოკელები მოქმედ ჩემპიონ “მაიამის” ესტუმრნენ და მიუხედავად იმისა, რომ 95 ქულა ჩააგდეს, 118 მიიღეს და მატჩი დიდი სხვაობით დათმეს.
ზაზა ფაჩულია სასტარტო ხუთულში იყო. ამიერიდან ქართველი ცენტრი ხშირად იქნება ხუთეულში, რადგან მილუოკელთა ძირითადმა ცენტრმა ლარი სანდერსმა ცერა თითი დაიზიანა და მინიმუმ თვენახევარი მოედანზე ვერ გავა.
ზაზას დღევანდელი შეხვედრა “მაიამისთან” არ წაუვიდა. 18 წუთში მან 3 ქულა და 5 მოხსნა მიითვალა და მისი მონაგარიც ეს იყო. ფაჩულიამ 4-დან 1 ორქულიანი და 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი კი 3-ჯერ დაკარგა.
მილუოკელებმა ვერაფერი მოუხერხეს ლებრონ ჯეიმსს, რომელმაც 29 წუთში 33 ქულა ჩააგდო, ხოლო მაიკლ ბისლიმ 19-ში 19 მოაგროვა. მილუოკელთაგან 18-18 ქულით საუკეთესოები ჯონ ჰენსონი და დარი ნილიიყვნენ. “ირმებს” სანდერსთან ერთად ერსან ილიასოვა და ლიუკ რიდნური აკლიათ, რომელთა გამოჯანმრთელებამდე სავარაუდოდ ძალიან გაუჭირდებათ.
2 მოგება-4 მარცხით “მილუოკი” ცენტრალურ დივიზიონში ბოლო, მე-5 ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას ფაჩულიას გუნდი ფლორიდაში, “ორლანდოსთან” გამართავს.