ფაჩულიას მორიგი გამარჯვება ფინალურ სერიაში (ვიდეო)
„გოლდენ სტეიტ უორიორსმა“ მეორე საშინაო მატჩიც მოუგო „კლივლენდ კავალერსს“ და ნბა-ს ფინალურ სერიაში 2:0 დაწინაურდა. ოკლენდელებმა თავისი საქმე გააკეთეს და სერიის საწყისი 2 საშინაო მატჩი მოიგეს, რითაც საჩემპიონო შანსები გაიმყრეს. კალიფორნიული კლუბის ძირითადი ცენტრი, ზაზა ფაჩულია კი უახლოვდება საჩემპიონო ტიტულს, რაც ოცნებად დარჩათ ისეთი ტიტანებისთვის, როგორებიც ჩარლს ბარკლი, კარლ მელოუნი, ჯონ სტოქტონი და სხვანი არიან.
ფინალური სერიის მეორე მატჩში ქართველი ცენტრი იმდენად შედეგიანი არ გახლდათ, როგორც – პირველში, თუმცა ზაზამ ტრადიციულად სასტარტო ხუთულში დაიწყო, სადაო გდება მოიგო და იმ 13 წუთის განმავლობაში, რაც მოედანზე იყო, დაცვაში საიმედოდ ირჯებოდა. შეტევაში ფაჩულიამ 2 ცდიდან 1 ორქულიანი ჩააგდო, რასაც 2 მეტოქის ფარზე მოხსნილი ბურთი მიამატა და მისი მონაგარიც ეს გახლდათ.
„გოლდენ სტეიტს“ აღიარებულმა სუპერვარსკვლავებმა – კევინ დიურანტმა და სტეფ კარიმ ულიდერეს. ამ უკანასკნელმა კარიერის პირველი საპლეიოფო სამმაგი დუბლი მიითვალა – 32 ქულა, 11 პასი, 10 მოხსნა. არანაკლებ შედეგიანი გახლდათ დიურანტი, რომელმაც 33 ქულა, 13 მოხნა, 6 პასი და 5 დაფარება მიითვალა. წინა მატჩში ინერტულმა კლეი ტომპსონმა შეხვედრა 22 ქულით დაასრულა.
„კლივლენდში“ შეუდარებელი იყო ლებრონ ჯეიმსი, რომელმაც ფინალურ სერიაში მე-8 სამმაგი დუბლი (29 ქულა, 14 პასი, 11 მოხსნა) გიფორმა და გაუთნაბრდა ამ კომპონენტში ყველა დროის ლიდერ მეჯიქ ჯონსონს. ლებრონს ფეხი ვერ აუბეს თანაგუნდელებმა და „კლივლენდიმა“ შეხვედრა 113:132 დათმო და ახლა საკუთარი მოედნის იმედი აქვს.
სერიის მომდევნო 2 შეხვედრა კლივლენდში 8 და 10 ივნისს გაიმართება.
GBF.GE