ფაჩულიას პირადსარეკორდო 16 ქულა 14 წუთში და “გოლდენ სტეიტის” გამარჯვება ფილადელფიაში (ვიდეო)
ზაზა ფაჩულიას ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი მატჩი „გოლდენ სტეიტში“. რაც ოკლენდურ გუნდში გადავიდა, ქართველ ცენტრს ყველაზე მეტი – 15 ქულა ჰქონდა ჩაგდებული (22 დეკემბერს „ბრუკლინთან), დღეს, გამთენიისას კი ფილადელფიაში 119:108 მოგებულ მატჩში ზაზამ არასრულ 15 წუთში 16 ქულა მიითვალა და „გოლდენ სტეიტში“ პირად რეკორდს უწია.
ფაჩულიამ, რომელსაც ქომაგი ძირითადად დაცვით, ფარქვეშ მებრძოლ მოთამაშედ იცნობენ, თავისი ბომბარდირული თვისებები კარგად გამოავლინა. ასე მცირე დროში ჩაგდებული 16 ქულა ნებისმიერი კალათბრთელისთის სოლიდური შედეგია. ფაჩულია არ ერიდებოდა შეტევას, თანაგუნდელებიც პასებს აწვდიდნენ და ქართველმა ცენტრმა თამაშიდან ხუთივე სროლა ჩააგდო, რასაც 7-დან 6 საჯარიმოც მოაყოლა.
16 ქულასთან ერთად ფაჩულიამ 5 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა და საერთო სარგებლიანობის გათვალისწინებით „გოლდენ სტეიტში“ ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ოკლენდელებში ბომბარდირი კევინ დიურანტი გახდა, რომელმაც 33 წუთში 27 ქულა, 8 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. 21 ქულა კლეი ტომპსონის ანგარიშზე დაგროვდა, ხოლო სტეფ კარიმ 33 წუთში ოდენ 19 ქულა მიითვალა. კარისთვის ეს ყველაზე ცუდი მატჩი იყო შორი სროლების მხრივ. ოკლენდელების სნაიპერმა 11 ცდიდან ყველა სამქულიანი ააცილა.
50 გამარჯვებითა და 9 მარცხით „გოლდენ სტეიტი“ ნბა-ს ლიდერობას დამაჯერებლად ინარჩუნებს. ფილადელფიიდან ფაჩულიას გუნდი ამერიკის დედაქალაქში გადავა, სადაც 1 მარტს „ვაშინგტონ ვიზარსთან“ რეგულარული ჩემპიონატის მორიგ მატჩს გამართავს.
GBF.GE
ზაზა ფაჩულიას მომენტები
მატჩის მიმოხილვა