ფაჩულიას სარეკორდო 16 მოხსნა მაიამიში და “მილუოკის” მოსალოდნელი ანტირეკორდი
“მილუოკი ბაქსი” კლუბის ანტირეკორდს უახლოვდება. ზაზა ფაჩულიას გუნდის ყველაზე ცუდი ისტორიული შედეგი სეზონში 62 წაგებული მატჩია. დღეს, გამთენიისას, მილუოკელები მაიამიში 77:96 დამარცხდნენ და მათი წაგებათა რიცხვი 61-ამდე ავიდა. ანტირეკორდის თავიდან ასაცილებლად დარჩნილ 7 მატჩში “ხარირმებისთვის” ურთულესი იქნება 2 მატჩზე მეტის არწაგება. დიდი ალბათობით, მიმდინარე სეზონი “მილუოკისთვის” არსებობის ისტორიაში უცუდესი იქნება.
ქართველი ცენტრი გულიანად იბრძვის ანტირეკორდის საწინააღმდეგოდ, თუმცა მისი მოწადინება საკმარისი არაა. “მაიამისთან” მატჩში ფაჩულია თავის გუნდში საუკეთესო იყო. ზაზამ მიმდინარე სეზონის პირადი რეკორდი დაამყარა მოხსნებში. არადა, სასტარტო ხუთეულში მყოფმა ქართველმა მოედანზე მხოლოდ 25:26 წუთი გაატარა, რის განმავლობაშიც 8 ქულა, 16 მოხსნა და 4 პასი დააგროვა. ფაჩულიამ 5-დან 3 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.
19 ქულა ჰქონდა მილუოკელ რამონ სეშენსს, თუმცა საერთო სარგებლიანობით, როგორც ვთქვით, საუკეთესოდ ქართველი კალათბურთელი აღიარეს. “მაიამიში” საუკეთესო ლებრონ ჯეიმსი იყო, რომელმაც 29 წუთში 17 ქულა და 8 პასი მოაგროვა. 15 ქულა ჰქონდა მაიამელთა ცენტრ კრის ბოშსს, ხოლო 14 – მარიო ჩალმერსს.
მომდევნო მატჩს “მილუოკი” 4 აპრილს, თორნიკე შენგელიას “ჩიკაგოსთან” გამართავს, რომელმაც დღეს ატლანტაში “ჰოუქსი” 105:92 დაამარცხა. ქართველი ფორვარდი განაცხადში იყო, თუმცა მოედანზე არ გასულა.
GBF.GE