ფაჩულიას სასტარტო ხუთეული, 8 ქულა და გამარჯვება მინეაპოლისში
მიმდინარე სეზონის მეორე საგამოფენო მატჩი მოიგო ზაზა ფაჩულიას „მილუოკიმ“, რომელმაც ჩვენი დროით დღეს, გამთენიისას მინეაპოლისში ადგილობრივი „ტიმბერვულვსთან“ ითამაშა. მილუოკელებმა პირველი მეოთხედი 10 ქულით მოიგეს, რის შემდეგაც უპირასტესობა თამაშის ბოლომდე შეინარჩუნეს და 105:98 იმარჯვეს.
ზაზა ფაჩულია სასტარტო ხუთეულში იყო, თუმც მოედანზე მწვრთნელმა 13 წუთით დატოვა. სათამაშო დროის კვალობაზე ფაჩულია საკმაოდ სარგებლიანი იყო. ქართველმა ფორვარდმა 6-დან 3 ოქრულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 8 ქულა დააგროვა და ამას თითო ჩაჭრა-პასი მოაყოლა.
მილოუკელთა მეორე ცენტრმა ლარი სანდერსმა ავადმყოფობის გამო არ ითამაშა, საუკეთესო შედეგი კი ახალბედა ჯაბარი პარკერმა დააფიქსირა, რომელმაც 21 ქულას 11 მოხსნაც მიაბა.19-19 ქულით დაასრულეს შეხვედრა გიანის ანტეტოკოუმპომ და ოჯეი მაიომ.
მომდევნო საგამოფენო მატჩი მილუოკელებს 20 ოქტომბერს „მედისონ სკვერ გარდენში“ ნიუ იორკთან“ ელის.
gbf.ge