ფაცაცია-ცინცაძის დაპირისპირება უკრაინის სუპერლიგაში
უკრაინის სუპერლიგა 9 ოქტომბერს დაიწყო, თუმცა ჩვენთვის საინტერესო მატჩი 10-ში, დნეპროპერტოვსკში გაიმართა. ერთმანეთს ქართველი კალათბურთელების გუნდები – ლევან ფაცაციას „დნიპრო-აზოტი“ და გიორგი ცინცაძის „დონეცკი“ შეხვდნენ. მატჩი სტუმართა იოლი გამარჯვებით – 94:78 დასრულდა.
უფრო შედეგიანი ფაცაცია იყო, რომელმაც ცინცაძეზე 3-ჯერ მეტ ხანს ითამაშა. ლევანი დნეპროპეტროვსკელთა სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 35:28 წუთში 11 ქულა, 4 მოხსნა და 3 ჩაჭრა მოაგროვა. ეს ბოლო მაჩვენებელი თავის გუნდში საუკეთესო იყო. ფაცაციამ 9-დან 4 ორქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, 4 სამქულიანი კი ააცილა.
გიორგი ცინცაძეც სასტარტოში იყო, თუმცა მოედანზე მხოლოდ 12:44 წუთი გაატარა, რა დროშიც 2 ქულის, 3 პასის და 1 მოხსნის მოგროვება მოასწრო. გიორგიმ 2-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა. გამარჯვებულ დონეცკელთა შორის 27 ქულით ბენ მაკალი გამოირჩა, ხოლო მარკო კილინგსვორტს 24 ქულა ჰქონდა.
მომდევნო მატჩს დონეცკელები 18 ოქტომბერს, შინ „აზოვმაშთან“ გამართავენ, ხოლო „აზოტი“ 20-ში თანაქალაქელ „დნიპროს“ შეერკინება.