ფაცაციას გუნდმა პირველი გამარჯვება ივანო-ფრანკოვსკში მოიპოვა
უკრაინის სუპერლიგაში პირველი გამარჯვება მოიპოვა ლევან ფაცაციას “დნიპროაზოტმა”. დნეპროძერჟინსკელები ამ გამარჯვებას 8 ტური ელოდნენ და ზედიზედ წაგებების შემდეგ მოგების გემო მე-9 შეხვედრაში გაიგეს.
ფაცაციას გუნდმა გამარჯვება დაძაბულ ბრძოლაში, ბოლო წამებზე მოიპოვა. მოგება განსაკუთრებული იმიტომაც იყო, რომ ის “აზოტმა” სტუმრად მოიპოვა. დნიპროძერჟინსკელები მე-4 ადგილზე მყოფ “გოვერლას” ივანო-ფრანკოვსკში ესტუმრნენ და მასპინძლები 79:78დაამარცხეს.
ქართველმა ფორვარდმა ყველაზე მეტი – 38.34 წუთი ითამაშა და გამარჯვებაში სოლიდური წილი დაიდო. ფაცაციამ 9-დან 3 ორქულიანი, 5-დან 1 სამიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. 11 ქულა, 7 მოხსნა და 2 პასი – ასეთი იყო საბოლოოდ ლევანის მონაგარი. ფაცაციას 7 მოხსნა აზოტელთაგან საუკეთსო შედეგი იყო, ბომბარდირი კი ამერიკელი დონალდ სიმსი გახდა 22 ქულით.
მიუხედავად მოგებისა, “დნიპროაზოტმა” ბოლო ადგილს თავი ვერ დააღწია. მომდევნო მატჩი ფაცაციას გუნდს 15 დეკემბერს, სტუმრად, “გალიჩინასთან” ელის.
GBF.GE