ფედერაციის გამგეობის საქმიანი შეხვედრა სპორტის მინისტრთან (VIDEO)
კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ბესიკ ლიპარტელიანი, გენერალური მდივანი მერაბ რატიშვილი და ფედერაციის გამგეობის წევრები გუშინ, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ლევან ყიფიანს და მის მოადგილეებს – თამაზ თევზაძეს და აკაკი ლოდიას შეხვდნენ.
მხარეების შეხვედრას, რომელიც საათზე მეტხანს გაგრძელდა, ფედერაციისა და სამინისტროს იურისტებიც ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე საუბარი იყო საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მოახლოვებულ საარჩევნო-საანგარიშო ყრილობაზე, სადაც ხმის უფლების მქონე 40-მა დელეგატმა ფედერაციის ახალი პრეზიდენტი უნდა აირჩიოს.
ითქვა, რომ არჩევნების წინ აუცილებლად უნდა მოიხნას ის ნერვიული ფონი, რაც საკალათბურთო სამყაროშია შექმნილი და არჩევნები უნდა ჩატარდეს დემოკრატიულ გარემოში, სამართლიანობის პრინციპების სრული დაცვით.
მხარეებმა ასევე დაადასტურეს, რომ ყველანაირი გაურკვევლობა და უთანხმოება ამოწურულია.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ლევან ყიფიანმა და ბესიკ ლიპარტელიანმა მედიის წარმომადგენლებისათვის ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს.
ლევან ყიფიანი, სპორტისა და ახალგაზრობის საქმეთა მინისტრი:
ჩვენ შეხვედრა გვქონდა დაგეგმილი კალათბურთის ფედერაციასთან ფედერაციის მოთხოვნით. ისინი ხვდებოდნენ საკალათბურთი სამყაროს სხვადასხვა ფენების წარმომადგენლებს და დაგეგმილი იყო შეხვედრა სამინისტროსთანაც, თუმცა ჩვენი შეხვედრა ვერ შედგა, რადგან მე არ ვიმყოფებოდი საქართველოში. შესაბამისად, შეხვედრა ახლა გაიმართა და ვთვლი, რომ მეტად ნაყოფიერად წარიმართა. ჩვენ გავცვალეთ ძალიან საინტერესო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ხდება საკალათბურთო სამყაროში და იმ დაძაბულობაზე ვისაუბრეთ, რომელიც შეიქმნა კალათბურთში. მნიშვნელოვანია, რომ კალათბურთის ფედერაციის გამგეობა სრულად იღებს პასუხისმგებლობას იმ მოვლენებზე, რაც კალათბურთში ხდება. მომავალში ჩვენი მხრიდან აუცილებლად უნდა შეიცვალოს ის საკანონმდებლო ბაზა, რომელიც ეხება კანონს სპორტის შესახებ. ჩვენ დღეს ხელ-ფეხ შეკრულნი ვართ, რადგან ის რეგულაციები, რაც არის დღესდღეობით კანონში, ვერ არეგულირებს ურთიერთობებს ფედერაციებთან და რიგ შემთხვევებში ეს იწვევს იმ პრობლემებს, რომელიც ჩვენ მივიღეთ. ამიტომ, ჩვენ გამგეობასთან შევთანხმდით, რომ მომავალში ახლად არჩეული პრეზიდენტი იზრუნებს, რომ შეცვალოს ფედერაციის კანონმდებლობა იმის გათვალისწინებით, თუ რა კანონმდებლობა გვექნება ჩვენ სპორტში. ჩვენ უკვე დავიწყეთ ამ მიმართულებით მუშაობა.
მნიშვნელოვანი იყო, რომ აქამდე არსებული პრობლემები სამუშაო ვითარებაში იქნა განხილული. ჩემთვის მეტად საპატივცემულო ხალხია გამგეობაში. ჩვენ ერთმანეთს გავუზიარეთ ჩვენი შეხედულებები. დავაფიქსირეთ სპორტის სამინისტროს პრინციპი, რაც არის ჩაურევლობა ფედერაციის საქმიანობაში, მისი დეპოლიტიზცია, რაც ძალიან მისასალმებელია, რომ სრულად გაიზიარა კალათბურთის ფედერაციის გამგეობამ და მომავალში თანამშრომლობის გზებიც დაისახა. რაც ყველაზე მთავარია, საკალათბურთო სამყარომ თავად უნდა განსაზღვროს მომავალი პრეზიდენტი. მე ძალიან მოხარული ვარ, რომ 4 კანდიდატია, ასეთი პრეცედენტი კალათბურთში აქამდე არ ყოფილა. ბატონი ბესოს გადაწყვეტილება, რომ აღარ ეყარა კენჭი პრეზიდენტობაზე, უფრო მეტად შეუწყობს ხელს დაპირისპირებულ მხარეებს შორის ურთიერთობის დარბილების კუთხით. აქ ყოველნაირად უნდა გამოვრიცხოთ პირადი ინტერესები და ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ განვავითაროთ მომავალში კალათბურთი და ამ მიმართულებით ჩვენ აქტიურად ვითანამშრომლებთ როგორც გამგეობასთან, ისე მომავალ პრეზიდენტთან. გამგეობამ სრული პასუხისმგებლობა აიღო არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების კუთხით და ჩვენ, რა თქმა უნდა, მივესალმებით და მხარს დავუჭერთ ასეთ მიდგომას.
რაც შეეხება სხვა საკითხებს, რომლებიც იქნა განხილული, ეს იყო შიდასამუშაო და ეხებოდა კანონმდებლობას, რაზეც შევაჯერეთ ჩვენი ინტერესები და ესეთი ურთიერთობა უფრო მეტად შეუწყობს ხელს კალათბურთის განვითარებას.
ბესიკ ლიპარტელიანი, კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი:
დიდი მადლობა მინდა გადავუადო სამინისტროს დღევანდელი შეხვედრისთვის. ჩვენი შეხვედრა შედგა ძალიან კონსტრუქციულად. კარგია, რომ გამგეობა იყო სრული შემადგენლობით. მინისტრმაც მოგვისმინა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ თვენახევრის განმავობაში შევხვდით საკალათბურთო სამყაროს სხვადასხვა ფენებს, რომელთაგანაც მივიღეთ ის მესიჯები, თუ როგორ უნდა განგვესაზღვრა 2013 წლის 11 დეკემბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე მანდატები. გამგეობამ გაითვალისწინა საკალათბურთო სამყაროს მოთხოვნები და განსაზღვრა დელეგატთა რაოდენობა. ფედერაციის პრეზიდენტობის არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებაზე გამგეობა და მე, როგორც გამგეობის თავმჯდომარე, ვიძლევით სრულ გარანტიას.
შეხვედრა ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმასთან დაკავშირებით, რომ ის გაუგებრობები, რაც აქამდე ჩვენში არსებობდა, სრულიად აღმოიფხვრა. ამის დამადასრურებელია ის, რომ ჩვენ ერთობლივად გავმართეთ ბრიფინგი და მადლობა მინდა გითხრათ, რომ ეს ყველაფერი ასე კარგად დამთავრდა. ჩვენ შევთანხმდით, რომ ფედერაციის პრეზიდენტი უნდა აირჩიოს საკალათბურთო სამყარომ. სამწუხაროა, რომ ამ ხნის განმავლობაშ იყო ალბათ კომუნიკაციის გარკვეული პრობლემა, რამაც წარმოშვა ეს გაუგებრობები, თუმცა ეხლა ყველაფერი ახლა აღმოფხვრილია.
GBF.GE