ფიბა-ევროპამ ევრობასკეტ 2015-ის შესარჩევისთვის გუნდები განთესა
3 თებერვალს, ბარსელონაში, ევროპის 2015 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის კენჭისყრა გაიმართება. სწორედ ამ დღეს შევიტყობთ იმ გუნდების ვინაობას, რომლებთანაც მოგვიწევს კონტინენტის პირველობაზე ზედიზედ მესამედ გასასვლელად ბრძოლა.
ფიბა-ევროპამ კენჭისყრაში მონაწილე 29 გუნდი დღეს რეიტინგის მიხედვით განთესა. ეს განთესვა პირობითია და მასში 1 თებერვალს მცირე ცვლილებები შევა. სწორედ ამ დღეს ფიბა გამოაცხადებს იმ გუნდების ვინაობას, რომლებიც მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის ეგრედ წოდებული “უაილდ ქარდებს” მიიღებენ. სულ 4 “ველური ბარათია”, რომელსაც ევროპიდან 1 ან 2 (უკიდურეს შემთხვევაში ) 3 გუნდი მიიღებს.
ის გუნდები, რომლებიც მიიღებენ მუნდიალის საგზურს, ევროპის 2015 წლის ჩემპიონატზე პირდაპირ დაიშვებიან და ცხადია, მის შესარჩევ ტურნირშიც მონაწილეობას არ მიიღებენ. შესაბამისად, ქვემოთ მოყვანილი რეიტინგი სახეს იცვლის – მუდნიალის “უაილდ ქარდის” მიმღები გუნდი ფიბა-ევროპას რეიტინგიდან ამოვარდება და მის დაბლამყოფი გუნდები 1 საფეხურით აინაცვლებენ.
საქართველო დღევანდელ 29-გუნდიან რეიტინგში მე-14-ეა. ფიბა-ევროპის პრეს-რელიზში აღნიშნულია, რომ შეიქმნება 7 ჯგუფი, თითოეულში 4-4 ნაკრები იქნება, რომლებიც მიმდინარე წლის 10-დან 27 აგვისტომდე 6 მატჩს მიმოსვლით ჩაატარებენ.
რეიტინგიდან გამომდინარე, უკვე ცნობილია, რომ განთესილ გუნდებს შორის საქართველო მეორე კალათაში იქნება. ანუ ჩვენს ჯგუფში აუცილებლად მოხვდება ქვემოთ მოყვანილი რეიტინგის მოწინავე 7-ეულიდან ერთ-ერთი, თუმც რომელიმე მათგანი სავარაუდოდ მუნდიალის “უაილდ ქარდს” მიიღებს და მის დაბლა მყოფი გუნდები 1 საფეხურით აინაცვლებენ.
შეგახსენებთ, რომ დღესდღეობით ევრო 2015-ზე 16 ვაკანტური საგზურია. როცა 1 თებერვალს “უაილდ ქარდების” მფლობელები გამოვლინდებიან, მერე ფიბა-ევროპასაც და ჩვენც ყველაფერი ზუსტად გვეცოდინება.
ფიბა-ევროპის მიმდინარე რეიტინგი
იტალია
ფინეთი*
ლატვია
საბერძნეთი*
ბელგია
ბოსნია*
გერმანია
მონტენეგრო
ჩეხეთი
დიდი ბრიტანეთი
მაკედონია
ისრაელი*
რუსეთი*
საქართველო
თურქეთი*
შვედეთი
პოლონეთი*
ბულგრეთი
ბელარუსი
შვეიცარია
ავსტრია
ისლანდია
პორტუგალია
სლოვაკეთი
დანია
უნგრეთი
რუმინეთი
ჰოლანდია
ლუქსემბურგი
შენიშვნა: გამუქებული შრიფტით წარმოდგენილია გუნდები, რომლებიც ელოდებიან “ველურ ბარათს”