ფიბა-მ ევროპის წლის საუკეთესო მოთამაშე დაასახელა
ფიბა ევროპამ ზედიზედ მეორედ წლის საუკეთესო მოთამაშედ „სან-ანტონიო სპურსისა“ და საფრანგეთის ნაკრების 32 წლის მოთამაშე ტონი პარკერი დაასახელა.
გამოკითხვაში მონაწილეობა ექსპერტთა ჯგუფმა და გულშემატკივრებმა მიიღეს. აღსანიშნავია, რომ გულშემატკივრებმა უფრო მეტი ხმა მოსკოვის ცსკა-ს მოთამაშეს მილოშ თეოდოსიჩს მისცეს, თუმცა ექსპერტებმა, საბოლოოდ, მაინც ტონი პარკერი ამჯობინეს.
გასულ სეზონში ტონიმ „სპურსთან“ ერთად ეროვნული საკალათბურთო ასოციაცია მეოთხედ მოიგო, რაც ევროპული კალათბურთის წარმომადგენელთათვის რეკორდია. საუკეთესო მოთამაშეების სამეული საფრანგეთის ნაკრებისა და „სან-ანტონიოს“ კიდევ ერთმა წარმომადგენელმა ბორის დიაომ დახურა.
„ჩემთვის ეს დიდი მოვლენაა. „სპურსთან“ წარმატების წყალობით, მორიგი ტიტული მოვიგე. ჩვენ უკეთესი გუნდი გავხდით და იდეალური სტილის კალათბურთი ვაჩვენეთ. გასოლის, ნოვიცკის და სხვა ევროპელი კალათბურთელების გვერდით ყოფნა ჩემთვის დიდი პატივია“, – განაცხადა პარკერმა.