პოლონეთიდან დაბრუნებულმა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ვარჯიში განაახლა
პოლონეთიდან დაბრუნების შემდეგ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა დღეს პირველად ივარჯიშა. ილიას ზუროსის გუნდმა პოლონეთში ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის ბოლო მოსამზადებელი მატჩები გამართა – შვედეთთან და პოლონეთთან დამარცხდა. შესაბამისად, საქართველომ მოსამზადებელი მატჩები თანაბარი ბალანსით დაასრულა – 4 მოიგო და 4 წააგო.
თბილისში 27 აგვისტოს, გამთენიისას ჩამოსულმა ნაკრების წევრებმა ეს დღე დაისვენეს და 28 აგვისტოს, სპორტის სასახლეში საფუძვლიანი ვარჯიში გამართეს. ილიას ზუროსმა ნაკრების წევრები ჯერ „სნეპ-ფიტნესში“, ტრენაჟორებზე ავარჯიშა, შემდეგ კი გუნდი სპორტის სასახლეში გაემართა და თითქმის ორი საათი ივარჯიშა.
პირველ რიგში ტრავმირებულებზე ვთქვათ: თორნიკე შენგელიამ გუნდთან ერთად ტრენაჟორებზე სრული დატვირთვით ივარჯიშა, თუმცა ბურთით ნაკლებად დაიტვირთა. შენგელიამ სროლებში და რამდენიმე კომბინაციაში ივარჯიშა, თუმცა ორმხრივი თამაშისას ის მოედანზე არ იმყოფებოდა. შენგელიას არაფერი აღარ აწუხებს, უბრალოდ მწვრთნელები მის დატვირთვას ერიდებიან.
პოლონეთში, შვედეთთან მატჩში ტრავმირებული მაიკლ დიქსონი მომჯობინდა. დიაგნოსტიკამ მის მუხლში უარყოფითი ვერაფერი აჩვენა. ამერიკელ უკანახაზელს დაჟიმულობა აქვს და სასირბილოდ თავს არ იმეტებს. დღეს მან ექიმის მეთვალყურეობით, მსუბუქად ივარჯიშა. თემურ ხვედელიძემ მას სპეციალური ვარჯიშები გააკეთებინა, რის შემდეგაც დიქსონმა მიზანიც მოსინჯა და სროლები შეასრულა.
სხვა მხრივ, ნაკრებში ყველაფერი წესრიგშია. ბიჭები დიდი მონდომებით ვარჯიშობენ და ალბანეთთან პირველი ოფიციალური მატჩისთვის გულიანად ემზადებიან. შენგელიას და დიქსონის სტატუსი საალბანეთოდ ჯერ დაუზუსტებელია, თუმცა დიდი ალბათობით ორივე გავა მოედანზე – შეზღუდული დროით.
GBF.GE