პორტლენდთან მოგებულ მატჩში ფაჩულიამ 19 წუთში 13 ქულა და 3 დაფარება მიითვალა
„გოლდენ სტეიტის“ მორიგი გამარჯვება და ზაზა ფაჩულიას კიდევ ერთი წარმატებული მატჩი. 2017 წელს ოკლენდელებმა უკვე მეორე მატჩი მოიგეს და ქართველი ცენტრი ორჯერვე ასცდა 10-ქულიაან ზღვარს. 3 იანვარს ფაჩულიამ „დენვერთან“ 11 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა, დღეს კი, „პორტლენდთან“ 125:117 მოგებულ მატჩში, ზაზამ 13 ქულა, 3 მოხსნა და 3 დაფარება მოაგროვა.
მესამე პერიოდის დასრულებამდე 5:26 წუთით ადრე ფაჩულია მოდენიდან რომ გავიდა, თამაშში აღარ დაბრუნებულა. ქართველ ცენტრს, რომელიც ძირითადი ხუთეულის წევრია, დიდ ხანს არ ათამაშებენ, თორემ ის გაცილებით შედეგიანი იქნებოდა. დღესაც, ზაზას 19 წუთი დასჭირდა 13 ქულის მოსაგროვებლად. ის თავიდანვე აქტიურობდა და ბოძებულ შანსს, როცა პასს იღებდა, შეტევას ახმარდა. შედეგად, ზაზამ პირველ პერიოდში ნათამაშებ არასრულ 6 წუთში 6 ქულა მოაგროვა და მეორე პერიოდამდე მოედნიდან გავიდა.
მოედანზე დაბრუნების შემდეგ ზაზამ შეტევაში აქტიურობა განაგრძო, თუმცა დაცვასაც დიდ ყურადღებას უთმობდა და რაც მთავარია, ამ კომპონენტში საიმედოდ ირჯებოდა. მართალია, მან საბოლოოდ მხოლოდ 3 მოხსნა მიითვალა, თუმცა ფაჩულია კევინ დიურანტთან ერთად მატჩის საუკეთესო დამფარებელი გახდა. ორივე მათგანმა 3-3 დაფარება მიითვალეს.
ზაზა საკმაოდ მაღალი პროცენტულობით ესროდა: 7-დან 5 ორქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. 13 ქულას, 3 მოხსნას და 3 დაფარებას ზაზამ თოთო ჩაჭრა-პასი მოაყოლა, ბურთი ერთხელ დაკარკა და ერთჯერაც დაჯარიმდა. საუკეთესო შედეგი სტეფ კარიმ დააფიქსირა, რომელმაც 35 ქულა მიითვლა. 30 ქულით დაასრულა შეხვედრა დიურანტმა, ხოლო კლეი ტომპსონმა ფაჩულიას მექულეობაში ბოლო წუთზე გადაასწრო, როცა ზუსტი ორიანით 14 ქულას უწია.
31 მოგებითა და 5 მარცხით „გოლდენ სტეიტი“ განაგრძობს ნბა-ს ლიდერობას. შემდეგი დაპირისპირება ოკლენდელებს ისევ შინ, 7 იანვარს, დასავლეთ კონფერენციის ერთ-ერთ შეუპოვარ გუნდ „მემფისთან“ ელით.
GBF.GE