ქალაქ თბილისის მერიის თასს რუსეთის ნაკრები დაეუფლა
14 აგვისტოს, სპორტის სასახლეში ქალაქ თბილისის მერიის თასის ბოლო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს საქართველოს და რუსეთის საკალათბურთო ნაკრებები დაუპირისპირდნენ.
შეხვედრის პირველი მეოთხედი რუსების მინიმალური უპირატესობით 22:23 დასრულდა. მეორე მეოთხედში ზუროსის გუნდმა უპირატესობა თავად მოიპოვა, მეტოქეს 22 ქულა ჩაუგდო, ბაზარევიჩის გუნდმა კი მხოლოდ 18 ქულის მოპოვება შეძლო. საქართველოს ნაკრები შესვენებაზე გამარჯვებულის ამპლუაში (44:41) გავიდა.
მესამე მეოთხედში რუსეთის ნაკრები უკეთესად გამოიყურებოდა, რაც ქულებშიც აისახა – მათ 25 ქულა ჩააგდეს, საკუთარ ფარში კი 19 მიიღეს. მეოთხე მეოთხედში სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა, მატჩის დასრულებამდე 30 წამით ადრე რუსეთი ორქულიანი სხვაობით იგებდა, ქართველებმა კი ანგარიშის გათანაბრების ძალიან კარგი შანსი ხელიდან გაუშვეს. თუმცა, თორნიკე შენგელიამ სამი წამით ადრე ორი ქულა ჩააგდო და ერთი საჯარიმოს სროლის უფლებაც მოიპოვა, მაგრამ მისი ჩაგდება ვეღარ მოახერხა. ანგარიში გათანაბრდა – 86:86 და საქმე ოვერტაიმამდე მივიდა. საბოლოოდ, გამარჯვება რუსეთის ნაკრებმა მოიპოვა – ანგარიშით 97:100.