ქართველმა 18-წლამდელებმა ალბანეთი 94:39 გაანადგურეს
55-ქულიანი გამარჯვებით დაიწყო საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონი. გია კაზანჯიანის, არჩილ ჟღენტისა და მიხეილ კობეშავიძის გაწვრთილ ქართველებს მეტოქედ აუტსაიდერი ალბანეთი ჰყავდათ, რომელიც მომავალ, გაცილებით ძლიერ მეტოქეებთან ბრძოლის წინ კარგ სპარინგ-პარტნიორად გამოადგათ. საქართველოს ნაკრებმა ალბანელებს ისე იოლად მოუგო, რომ მწვრთნელს ეს მატჩი კომბინაციების დასამუშავებლად, კარგ ვარჯიშად გამოადგებოდა.
საქართველოს ნაკრებში 24 წუთი არავის უთამაშია. მწვრთნელმა მოედანზე გასვლის საშუალება 12-ივე კალათბურთელს მისცა და მათ სათამაშო დრო თითმის თანაბრად გადაუნაწილა. პირველი მეოთხედის შემდეგ ქართველები 30:12 იგებდნენ, დიდ შესვენებაზე კი 34-ქულიანი უპირატესობით გავიდენ. მატჩის ბედიც ფაქტობრივად აქ გადაწყდა, რის შემდეგაც ქართველებმა ტემპი მაინც არ დააგდეს და მეტოქეს ხელი არც სათადარიგო მოთამაშეებმა არ დააკლეს.
საბოლოოდ 94:39 – საქართველოს ნაკრების რეკორდული გამარჯვება ევროასპარეზზე. ქართველთაგან 5 მოთამაშე ასცდა 10-ქულიან ზღვარს – ყველაზე მეტი, 17 ქულა (და 7 ქულა) ლევან ბაბილოძემ მიითვალა. 14 ქულა დააგროვა ლუკა ბულაშვილმა, ხოლო მატჩის ერთადერთი ორმაგი დუბლი გოგა ბითაძის ანგარიშზეა – 12 ქულა, 11 მოხსნა 19:13 წუთში.
საქართველოს ჯგუფში კიდევ 2 შეხვედრა გაიმართა. უკრაინამ 74:65 მოუგო ინგლისს, ხოლო სლოვაკეთმა 74:56 სძლია შოტლანდიას. 30 ივლისს საქართველოს ნაკრები ჯგუფის მეორე აუსაიდერ შოტლანდიას, თბილისის დროით 18:30 საათზე შეხვდება და ეს მატჩიც გია კაზანჯიანს კიდევ ერთი კარგი ვარჯიშის ჩასატარებლად გამოადგება.