ქუთაისი თუ არმია: ფინალისტს მე-5 მატჩი გამოავლენს
“ქუთაისი” გავა ფინალში თუ “არმია”, ამას ერთი მატჩი გადაწყვეტს, რომელიც 17 მაისს, თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება. ნახევარფინალურ სერიაში 1:2 ჩამორჩენილმა “ქუთაისმა” დღეს, საკუთარ მოედანზე, სავსე ტრიბუნების თვალწინ 82:79 დაამარცხა “არმია” და საერთო ანგარიში გაათანაბრა.
მატჩი უაღრესად დაძაბული და ემოციური აღმოჩნდა. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ “არმიამ” და “ქუთაისმა” რამდენი შეხვედრაც არ უნდა გამართონ, ყველა ერთმანეთზე დაძაბული იქნება. სერიის პირველი შეხვედრა 1-ქულიანი სხვაობით დასრულდა, მესამეში გამარჯვებული ოვერტაიმში გამოვლინდა, დღეს კი, როცა თითქმის ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, არმიელებმა ბოლო პერიოდში 18-ქულიანი გაქცევა მოაწყვეს და გაიმარჯვებდნენ კიდეც, ბოლო მომენტში მასპინძლებს რომ არ ემარჯვათ.
მატჩის პირველი ტაიმი ისეთი გამოდგა, გაფიქრებინებდათ, რომ ვერც ერთი გუნდი ვერ მოახერხებს სოლიდურად დაწინაურებასო. ქულა-ქულაში მიმდინარე შეხვედრაში ხან ერთი გუნდი დაწინაურდებოდა, ხან მეორე – ხშირად ფრეც დაფიქსირდა. დიდ შესვენებაზე არმიელები მხოლოდ 2-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ, თუმცა ქუთაისელებმა მესამე მეოთხედი 34:18 მოიგეს – რაც მათი სწრაფი და ზუსტი თამაშის დამსახურება გახლდათ.
აკაკი დვალიშვილისა და დავით ბარბაქაძის შედეგიანმა თამაშმა ქუთაისელებს სოლიდური ლიდერობა დაუბევა და მესამე მეოთხედის ბოლოს, როცა მასპინძლები 68:54 იგებდნენ, ძნელი საფიქრებელი იყო, რომ შეხვედრა კიდევ დაიძაბებოდა.
გადამწყვეტი მეოთხედი არმიელთა შტურმით დაიწყო. გიორგი შარაბიძის, ლაშა ფარღალავას, ბექა წივწივაძის და მიხეილ ბერიშვილის შედეგიანმა თამაშმა მასპინძელთა სოლიდური ლიდერობა მალე ქარს გაატანა, ხოლო შეხვედრის დასრულებამდე 3:44 წუთით ადრე ფარღალავას საჯარიმოების შემდეგ “არმია” დაწინაურდა – 75:73. მომდევნო შეტევაში ბუბა კვიმსაძემაც საჯარიმოებით იხეირა და კოტე ტუღუშის გაწვრთნილი თბილისელები 4 ქულით გალიდერდნენ.
ქუთაისელებს მოგებული მატჩი ხელიდან ეცლებოდათ, მალხაზ კოხრეიძის გუნდი მატჩის და შესაბამისად, სერიის წაგების რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. დარჩენილ 2:20 წუთში გიორგი ბარბაქაძემ 5 ქულა ჩააგდო, ლევან გრძელიძემ და ავთო ლომინაშვილმა არმიელთა მიერ აღებული ტაქტიკური ჯარიმები ქულებად გარდასახეს და ქუთაისელებს გამარჯვება გაუნაღდეს.
“ქუთაისში” 20 ქულით, 10 მოხნით და 5 პასით გიორგი ბარბაქაძე გამოირჩა, აკაკი დვალიშვილმა 18 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა დავით ბარბაქაძემ და გოგა ცეკვავამ კი პირად ანგარიშზე 14-14 ქულა ჩაიწერეს. დამარცხებულებს ლაშა ფარღალავამ ულიდერა 25 ქულით, გიორგი შარაბიძემ კი ორმაგი დუბლი – 17 ქულა და 11 მოხნა მიითვალა, რასაც 6 შედეგიანი გადაცემაც მოაყოლა. ბექა წივწივაძის ანგარიშზე კი 12 ქულა დაგროვდა.
სერიის გადამწყვეტი შეხვედრა, რომელშიც ქუთაისელებს 2 მატჩით დისკვალიფიცირებული ზაურ ფაშაევი დაუბრუნდებათ, 17 მაისს, სპორტის სასახლეში 14:00 საათზე გაიმართება.
მატჩისშემდგომი კომენტარები
მედეა მხეიძე („ქუთაისის“ მწვრთნელი): დღეს არანაკლებ დაძაბული მატჩი იყო და გუშინდელი რთული თამაშის შემდეგ ორივე გუნდს აშკარად დაეტყო დაღლილობა. მესამე მეოთხედი გარდამტეხი აღმოჩნდა, 14- ქულიანი უპირატესობაც მოვიპოვეთ, მაგრამ შემდეგ არაორგანიზებული შეტევების და ისევ და ისევ დაღლილობის გამო მეტოქეს ანგარიშის გათანაბრების საშუალება მივეცით. შეხვედრის ბედი მატჩის მიწურულს გადაწყდა და ეს გამარჯვება მსურს „ქუთაისის“ ყველა გულშემატკივარს მივულოცო. ჩვენ განსაკუთრებით გვინდოდა დღეს მოგება, რათა ჩვენი მაყურებლისთვის მადლობა გადაგვეხადა ასეთი მხურვალე ქომაგობისთვის და ამით გამოგვეხატა ჩვენი დაფასება და მადლიერება მათ მიმართ. 17 მაისს ურთულესი თამაში გველოდება თბილისში და ვისურვებდი რომ სპორტის სასახლეშიც არანაკლები გულშემატკივარი და აჟიოტაჟი დაგვხდებოდეს.
კოტე ტუღუში („არმიის“ მთავარი მწვრთნელი): დიდი მადლობა ქუთაისის გუნდს და გულშემატკივრებს ასეთი თამაშისთვის, დარბაზში როგორც ყოველთვის არაჩვეულებრივი ატმოსფერო იყო. უნდა აღვნიშნო, რომ მეორე პერიოდის დასასრულს, თამაშის მსვლელობისას, მოხდა გარკვეული ინციდენტი. ჩვენ დავწერეთ საჩივარი და მოვითხოვთ ამ თამაშის განხილვას. ვნახოთ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული.
რაც შეეხება მეხუთე მატჩს, ძალიან დიდი ბრძოლა იქნება და ყველა გულშემატკივარს მოვუწოდებ მობრძანდეს სპორტის სასახლეში და მხარი დაუჭიროს თავის საყვარელ გუნდს.
superleague.ge