ქუთაისმა სერია გაათანაბრა, დინამო 2:0 დაწინაურდა
დასრულდა სუპერლიგის მეოთხედფინალის მეორე სათამაშო დღე. 18:00 საათზე დანიშნულ ორივე მატჩში მოსალოდნელი შედეგი დაფიქსირდა – თბილისში “დინამომ” “ოლიმპს” 89:49 სძლია, ხოლო ქუთაისში ადგილობრივმა გუნდმა “სოხუმს” 81:70 მოუგო.
თბილისის “დინამომ” მეორე მატჩშიც დამაჯერებლად მოუგო “ოლიმპს” და ნახევარფინალამდე 1 ნაბიჯი აკლია. წინა მატჩის მსგავსად, ირაკლი ხოშტარიას გუნდს პრობლემები არც დღევანდელ შეხვედრაში შექმნია. ფავორიტად მიჩნეულმა დინამოელებმა 40 ქულის სხვაობით იმარჯვეს, რითაც ყველაფერი ნათქვამია.
“ოლიმპმა” თამაში ცუდად არ დაიწყო და პირველ მეოთხედში მეტოქეს ტოლ-სწორად ებრძოლებოდა. ორწუთიან შესვენებაზე დავით თორთლაძის გუნდი მხოლოდ 5-ქულიანი დეფიციტით გავიდა, თუმცა მერე და მერე დინამოელები თამაშის ეშხში შევიდნენ და საბოლოოდ მეტოქეს გამანადგურებელი მარცხი აგემეს.
21 ქულითა და 15 მოხსნით დინამოელებს ქიან კარტერმა ულიდერა, ხოლო მიხეილ ჭოჭუას ანგარიშზე 13 ქულა დაგროვდა. 2 ქულა დააკლდა ორმაგ დუბლამდე სტევან მილოშევიჩს – 13 მოხსნა და 8 ქულა. ოლიმპელთაგან 10-10 ქულა სამმა კალათბურთელმა დააგროვა – მიხეილ ჩიტაშვილმა, რევაზ ათანელიშვილმა და ნოდარ თენიეშვილმა.
“დინამო” – “ოლიმპის” სერიაში მომდევნო მატჩი 3 მაისს, სპორტის სასახლეში გაიმართება.
რაც შეეხება ქუთაისში ჩატარებულ შეხვედრას, “სოხუმმა” სერიის პირველი მატჩის მოგებით პროგრამა მაქსიმუმი შეასრულა. ვაჟა კვარაცხელიას გუნდმა დღესაც იბრძოლა და მესამე მეოთხედში 22 ქულით ჩამორჩენილმა ბოლო პერიოდის დასაწყისში დეფიციტი 7 ქულამდე შეამცირა, მაგრამ სერიაში ზედიზედ მეორე გამარჯვების მოპოვება ვერ მოახერხა.
ქუთაისელებს 22 ქულითა და 9 პასით ზაურ ფაშაევმა ულიდერა, ხოლო გიორგი ბარბაქაძე თავისიანებს 17 ქულით შეეწია. მატჩის ბომბარდირი სოხუმელი ირაკლი ჩლაიძე გახდა, რომელმაც 34 ქულა მიითვალა.
“ქუთაისი” – “სოხუმის” მეოთხედფინალური სერიის მეორე და მესამე მატჩები თბილისის სპორტის სასახლეში, 3და 4 მაისს გაიმართება.
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია
ირაკლი ხოშტარია (დინამოს მთავარი მწვრთნელი): ის მიზანი, რაც გვქონდა შევასრულეთ და 2:0 გავედით წინ. შევეცდებით მესამე თამაშიც მოვიგოთ და საქმე არ გავირთულოთ.
დავით თორთლაძე(„ოლიმპის“ მთავარი მწვრთნელი): უმოტივაციოდ იყო გუნდი დღეს და შესაძლოა მეც რაღაც დავაკელი, მაგრამ რაც არ უნდა ვუთხრა ბიჭებს, ალბათ არ აუმაღლდებათ გაწყობა, რადგან შინაგანად გრძნობენ რომ ჩვენსა და „დინამოს“ შორის დიდი სხვაობაა. ამ სერიას ვერ მოვიგებთ, მაგრამ 5-8ადგილებისთვის ჩვენს უშუალო კონკურენტებთან აუცილებლად ვიბრძოლებთ და ვეცდებით სასურველი რეზულტატის ჩვენებას. მე პირადად, როგორც მწვრთნელი, არ ვარ შეჩვეული წაგებას და არ ვეგუები ამ სიტუაციას, მაგრამ რეალობა სულ სხვაა. ვიმედოვნებ, ეს თამაშები ბიჭებს სამომავლოდ მნიშვნელოვნად გამოადგებათ.