რიკი ჰიკმანი “მაკაბისთან” ერთად ევროლიგის ჩემპიონი გახდა
თელ ავივის “მაკაბი” ევროლიგის ჩემპიონია. ებრაული გუნდის გამარჯვებაში უდიდესი წილი აქვს საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრს, ამერიკელ რიკი ჰიკმანს, რომელმაც მადრიდის “რეალთან” ფინალურ შეხვედრაში 37 წუთი ითამაშა და 18 ქულა მიითვალა. “მაკაბიმ” სამეფო კლუბი დამატებით დროში – 98:86 დაამარცხა.
მადრიდელებმა მთელი ძალები ძირითად დროს შეალიეს, რომელიც ფრედ დასრულდა. მაკაბელებს ოვერტაიმი არ უნდა დასჭირვებოდათ, თუმცა ძირითადის ბოლო წუთზე რამდენიმე შეცდომა დაუშვეს და “რეალს” ანგარიშის გათანაბრების შესაძლებლობა მისცეს.
ქართული პასპორტის მქონე ჰიკმანმა მოედანზე გატარებულ 37 წუთში 13-დან 4 ორქულიანი, 4-დან 1 სამიანი და 8-დან 7 საჯარიმო ჩააგდო. 18 ქულას რიკიმ 6 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მოაყოლა. მატჩის საუკეთესო მოთამაშის, მაკაბელი ტაირის რაისის შემდეგ (26 ქულა), ჰიკმანი გამარჯვებულთაგან მეორე მექულე იყო.
“მაკაბის” გამარჯვებაში სოლიდური წილი დაიდო დევიდ ბლუმ (14 ქულა), ალექს ტაიუსმა (12 ქულა, 11 მოხსნა) და დევინ სმიტმა (14 ქულა). მადრიდელთაგან 21 ქულით ევროლიგის აწდასრულებული სეზონის უძვირფასესი მოთამაშე, სერხიო როდრიგესი გამოირჩა.15 ქულა ჰქონდა რუდი ფერნანდესს, ხოლო 12-12 ნიკოლა მიროტიჩს და ფელიპე რეიესს.
gbf.ge