რუსთავმა ბათუმს სძლია და ნახევარფინალში ქუთაისს შეხვდება
ქვემოქართლური “რუსთავი” სუპერლიგის ბოლო ნახევარფინალისტია. რამაზ გოგობერიშვილის გაწვრთნილმა რუსთაველებმა მეოთხედფინალური სერიის მე-3, გადამწყვეტ მატჩში “ბათუმი” 78:69 დაამარცხეს და მიმდინარე სეზონის საუკეთესო ოთხეულში – “ქუთაისის”, “მგზავრებისა” და “დინამოს” კვალად მოხვდნენ.
საბოლოო ანგარიშმა შეცდომაში არ შეგიყვანოთ. რუსთაველებმა პირველი პერიოდი 24:12 რომ მოიგეს, ბოლო წუთამდე მეტოქე 10 ქულაზე ახლოს არ მიუკარებიათ. მასპინძელთა უპირატესობა უმეტესად 16-20 ქულის ფარგლებში მერყეობდა, ერთხანს 23-ამდეც ავიდა, ხოლო აჭარელები წინ საერთოდ არ გასულან.
რუსთაველებმა სერიის მესამე, გადამწყვეტი მატჩი ისეთივე შემართებით ჩაატარეს და იოლადაც იმარჯვეს, როგორც პირველი – 82:62 მოგებული მატჩი. ქვემოქართლელები ყველა სათამაშო რგოლში დომინირებდნენ და სტუმრებს გასაქანს არ აძლევდნენ. მხოლოდ 2 კომპონენტის მოყვანა კმარა, რომ რუსთაველების სოლიდური უპირატესობა წარმოვაჩინოთ. მასპინძლებმა 15 სამქულიანი ჩააგდეს, სტუმრებმა – მხოლოდ 1. ქვემოქართლელებმა ფარიდან ასხლეტილი ბურთი 50-ჯერ მოხსნეს, აჭარელებმა კი – 37-ჯერ.
რუსთაველთა მწვრთნელი ბოლოს მაინც ანერვიულდა, მაგრამ არა იმიტომ, რომ მის გუნდს წაგება დაემუქრა, არამედ იმის გამო, რომ მისმა ბიჭებმა დასასრულს ბრძოლა შეწყვიტეს და მეტოქემ ბოლო წუთზე სხვაობა 8 ქულამდე შეამცირა. 40 წამში მასპინძლები ამ სხვაობას რომ არ დათმობდნენ, ცხადი იყო და ეს არც მომხდარა. “რუსთავმა” საბოლოოდ 9 ქულით გაიმარჯვა და მეოთხედფინალური სერია სათავისო ანგარიშით – 2:1 დაასრულა.
ქვემოქართლელებს 19 ქულით, 12 მოხსნითა და 4 პასით კრეიგ ოსაიქიუოუენმა ულიდერა, რომელსაც ტრავმა ჰქონდა და როგორც ჩანს, ფორმაში შევიდა. რუსთაველთა ნომინალურმა ჰოლანდიელმა ცენტრმა 5 სამქულიანი ჩააგდო, რის წინააღმდეგაც ბათუმელებს ეფექტური იარაღი არ აღმოაჩნდათ. 20 ქულა, 8 მოხსნა, 6 პასი და 4 ჩაჭრა მიითვალა ადამ ბლეიზეკმა, ხოლო ტაირელ ნელსონის ანგარიშზე 13 ქულა და ამდენივე მოხსნა დაგროვდა. “ბათუმში” 14 ქულით ბომბარდირი გახდა ლეონიდ სტეპანიშინი, ხოლო სტეფან ანდრეიევიჩმა სეზონის ბოლო მატჩში 13 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა.
ნახევარფინალურ სერიაში “რუსთავი” რეგულარული ჩემპიონატის მომგებ “ქუთაისს” შეხვდება, ხოლო მეორე წყვილი “დინამომ” და “მგზავრებმა” შეადგინეს. ორივე ნახევარფინალური სერია სტარტს 13 მაისს აიღებს.
რუსთავი – ბათუმი
სტატისტიკა: 78:69
რამაზ გოგობერიშვილი -“რუსთავის” მთავარი მწვრთნელი:
“ბოლოს ვითარება იმიტომ დაიძაბა, რომ ჩვენებმა ჩათვალეს, თამაში მოგებული ჰქონდათ და მოეშვნენ. მეტოქემაც ისარგებლა და ჩამორჩნა შეამცირა. საბედნიეროდ, სტუმრებს აღარ მივეცით მეტის გაკეთების შესაძლებლობა და გავიმარჯვეთ, რასაც ვულოცავ ჩვენი გუნდის წევრებსა და გულშემატკივრებს. ნახევარფინალში გაცილებით ძლიერი მეტოქე გველის “ქუთაისის” სახით, თუმცა ბოლომდე ვიბრძოლებთ და ფინალში გასვლას შევეცდებით”.
GBF.GE