რუსთავმა ნახევარფინალი ბოლო წამებზე გაინაღდა (მატჩისშემდგომი კომენტარები)
უაღრესად დაძაბულ და დრამატულ მატჩში „რუსთავმა“ „მგზავრები-არმია“ დაამარცხა და თასის გათამაშების ნახევარფინალში გავიდა. ამ გუნდების მატჩი 5 დეკემბერს, რუსთავში უნდა გამართულიყო, თუმცა დარბაზში არასაკმარისი ტემპერატურის გამო შეხვედრა გადაიდო და დღეს, 13 დეკემბერს, თბილიში, საკალათბურთო აკადემიის დარბაზში ჩატარდა.
რუსთაველებმა თასის გათამაშების მეოთხედფინალური სერიის პირველი მატჩი თბილისში იოლად მოიგო და ნახევარფინალში გასასვლელად მეორე გამარჯვების მოპოვება ესაჭიროებოდა. ქვემოქართლელებმა საწადელს მატჩის ბოლო წამზე მიაღწიეს. გოგა ცეკვავამ გამარჯვების ბურთი რომ ესროლა, საფინალო სირენა მერე გაისმა და რუსთაველი უკანახაზელის შედეგიანი შეტევის შემდეგ საბოლოო შედეგიც დაფიქსირდა – 70:69 რუსთაველების სასარგებლოდ.
საფინალო სირენამდე 2 წუთით ადრე ქვემოქართლური გუნდი 66:60 იგებდა, მაგრამ დაშვებული შეცდომების გამო 3 სწრაფი შეტევა მიიღო და ძირითადი დროის დასრულებამდე 17 წამით ადრე ანგარიში გათანაბრდა – 66:66. რუსთაველთა მწვრთნელმა მიხეილ ბერუაშვილმა წუთშესვენება აიღო, შეტევა დაგეგმა, რაც ზუსტად დააგვირგვინა მიხეილ ჭოჭუამ და „რუსთავი“ დასრულებამდე 7 წამით ადრე 68:66 დააწინაურა.
წუთშესვენებაზე დაგეგმეს შეტევა „მგზავრები-არმიას“ მთავარმა მწვრთნელმა ბუბა ბერიშვილმა და მოთამაშეებმა. გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა მერაბ ბოქოლიშვილმა სწრაფი შეტევა წარმატებით დაგვირგვინა, თან რუსთაველთა ამერიკელი ლეგიონერი აიძულა, დაჯარიმებულიყო. ბოქოლიშვილმა 1 საჯარიმოც ჩააგდო და საფინალო სირენამდე 3.3 წამით ადრე „მგზავრები-არმია“ 69:68 დააწინაურა.
რუსთაველთა მორიგი წუთშესვენება და მიხეილ ჭოჭუას არაზუსტი სამქულიანი, თუმც აცილებული ბურთი რუსთაველმა გოგა ცეკვავამ მოიხელთა და იატაკზე დაუშვებლად ესროლა. ქვემოქართლელთა უკანახაზელმა ბურთის სროლა მოასწრო – საფინალო სირენა მაშინ გაისმა, როცა ბურთი მის ხელებს მოსწყდა. ლამაზი ტრაექტორიით გამარჯვების ბურთი „მგზავრები-არმიას“ კალათში ჩაეშვა და რუსთაველებს გამარჯვებასთან ერთად თასის გათამაშების ნახევარფინალის საგზური მოუტანა.
„რუსთავი“ ნახევარფინალში „ბათუმს“ შეუწყვილდა.
მატჩისშემდგომი კომენტარები
რუსთავი -მგზავრები არმია 70:69
ბუბა ბერიშვილი („მგზავრები-არმიის“ მთავარი მწვრთნელი): ამ თამაშს აუცილებლად განვიხილავთ ფედერაციასთან ერთად და ვიდეო ანალიზს გავაკეთებთ. თუ ყველაფერი რიგზე იყო, გამოვა რომ ფორტუნამ ზურგი შეგვაქცია.
მიხეილ ბერუაშვილი („რუსთავის“ მთავარი მწვრთნელი): მართალია გავედით შემდეგ ეტაპზე, მაგრამ ძალიან უკმაყოფილო ვარ. ეს თამაში წესით არ უნდა მოგვეგო, უბრალოდ გაგვიმართლა.
superleague.ge