რუსთავმა პირველი წრე გამარჯვებით დაასრულა
დაძაბული და საინტერესო გამოდგა სუპერლიგის პირველი წრის უკანასკნელი მატჩი, რომელსაც რუსთავმა უმასპინძლა. ადგილობრივ დარბაზში საკალათბურთო კლუბ “რუსთავს” გათამაშების ერთ-ერთი აუტსაიდერი, “მგზავრები-არმია” ესტუმრა, თუმცა ახალგაზრდა თბილისელებმა გაცილებით გამოცდილ მეტოქეს არაფერი დაუთმეს და სათასო მატჩების მსგავსად დღესაც ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს.
განსაკუთრებით კარგი “მგზავრებისთვის” მეორე მეოთხედი გამოდგა, რომელიც ბერიშვილის შეგირდებმა 7-ქულიანი სხვაობით მოიგეს, თუმცა პირველ და მესამე მეოთხედებში “რუსთავის” კარგ თამაშს სტუმრებმა ვერაფერი ვერ დაუპირისპირეს და მიუხედავად დაძაბული ბოლო წუთებისა და ჭოჭუას რამდენიმე აცილებული ჯარიმით გაჩენილი შანსისა, “მგზავრებმა” მატჩის შემოტრიალება ვეღარ მოახერხეს. საბოლოოდ “რუსთავმა” 78-74 მოიგო.
რუსთაველთა შემადეგნლობაში შედეგიანობით გამოირჩეოდნენ ჰამსი (16 ქ.) და ჭოჭუა (18 ქ.), ხოლო აკაკი დვალიშვილმა 18 ქულასთან ერთად 13 მოხსნაც შეასრულა და ორმაგი დუბლი გაიფორმა. მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე კი “მგზავრების” ფორვარდი ტატო ჩაჩიბაია გახდა, რომელმაც საკუთარ გუნდს 23 ქულა შესძინა.
დღევანდელი შედეგის გათვალისწინებით “რუსთავი” ახალ წელს 12 ქულით ხვდება და 2-4 პოზიციებს “შსს-აკადემიასთან” და “ქუთაისთან” იყოფს. “მგზავრები” კი 8 ქულით “სოხუმთან” ერთად ცხრილი ბოლო საფეხურებზე არიან.
მატჩისშემდგომი კომენტარები
ბუბა ბერიშვილი(„მგზავრები-არმიას“ მთავარი მწვრთნელი):
„ძალიან დაძაბული მატჩი გამოვიდა, ასეც ველოდი და სამწუხაროა, რომ ვერ მიზანს ვერ მივაღწიეთ. მატჩამდეც გვაკლდა ტრავმირებული მოთამაშე და თამაშის მსვლელობისას ცენტრის პოზიციის კალათბურთელი დაგვიშავდა. მიუხედავად ამისა, ბოლომდე დაძაბული თამაში იყო. წაგების მიუხედავად, კმაყოფილი ვარ ბიჭების თამაშით, გამოჩენილი ბრძოლისუნარიანობით“.
მიხეილ ბერუაშვილი(„რუსთავის“ მთავარი მწვრთნელი):
„პირველ რიგში ვულოცავ ჩემს გუნდს ამ გამარჯვებას. მართალია, დაძაბული შეხვედრა იყო და ბოლო წამებზე მოვიპოვეთ გამარჯვება, მაგრამ ეს კალათბურთია, ხან ისე იქნება, ხან ასე. ყველა თამაშს იოლად ვერ მოიგებ. ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით, განსაკუთრებით შეტევაში, მაგრამ დაცვის ხარჯზე მოვიგეთ“.